გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს 2018 წლის 17 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი შედგება ერთმანეთზე მიდგმული ორი ნაგებობისგან: ერთი იაკობ გოგებაშვილის მიერ აშენებული სკოლის შენობაა, ხოლო მეორე იაკობ-გოგებაშვილის მიერ აგებული სახლის სრული ასლი.
სახლის ასლი დგას იმ სახლის ადგილას, სადაც იაკობის ოჯახის საცხოვრებელი სახლი იდგა. სახლი დაზიანდა 1920 წლის მიწისძვრის შედეგად, რის გამოც იმავე წლებში განახლდა იაკობისეული სახლის სტილის სრული დაცვით (სახლ-მუზეუმში დაცულია 1940 წელს რ. აკოფოვის მიერ გადაღებული სახლის ფოტო, რომელიც იაკობისეული სახლის ერთადერთი საარქივო მასალაა).
რაც შეეხება სკოლის შენობას, სკოლა აშენებულია დაახლოებით 1900 წლისთვის.