ექიმის რჩევა – უცნობ პარტნიორებთან კონტაქტის დროს ისარგებლეთ პრეზერვატივით!

იოსებ შურღაია

ექიმი ვენეროლოგი, ანდროლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოსექსოლოგი

სექსუალური რევოლუციის სხვადასხვა ასპექტები როგორც XX საუკუნისა და XXI საუკუნის დასაწყისის ისტორიამ გვიჩვენა, გამოიხატა ორი გლობალური ტენდენცია: მისწრაფება დემოკრატიისადმი და მისწრაფება დამოუკიდებლობისადმი. ისინი სრულად აისახა ყველაფერში: იმპერიების დაშლიდან დაწყებული და ცალკეული პიროვნებების ცხოვრების მოდელებით დამთავრებული. სექსუალური რევოლუცია დასავლეთში XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, საქართველოში კი XXI საუკუნის 2000-იანი წლების შუაში. მოხდა ე.წ. უწინდელი აკრძალვებისგან გამათავისუფლებელი აფეთქება, რომელიც იყო რეაქცია უწინდელ დროთა სიმკაცრეზე, კერძოდ, სექსის მიმართ პურიტანულ-რეპრესიულ დამოკიდებულებაზე.

სექსუალური რევოლუციის ერთ-ერთი შედეგი, უფრო სწორად, მისი წინაპირობა გახდა სქესთა შორის ურთიერთობებში თანასწორუფლებიანი პარტნიორობის გაცნობიერება. სექსუალურმა რევოლუციამ შეასუსტა „ორმაგი სტანდარტი“, როდესაც სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ერთი და იმავე საქციელზე. შესაბამისად, მოხდა ქალების თვითშეგნების შეცვლა, დაიწყო ქალთა ემანსიპაცია. ემანსიპაცია არის ტერმინი, რომელიც გამოხატავს დამოკიდებულებისგან, ჩაგვრისგან და შეზღუდვებისგან გათავისუფლებას. ქალები გახდნენ თვითკმარები, მრავალმა მათგანმა დაიწყო მუშაობა. მათი გამომუშავება იმდენივეა, რამდენიც კაცებისა, ზოგჯერ კი მათზე მეტიც. მათ ახალი ბიოლოგიური თავისუფლება მოიპოვეს, შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა ქალის აქტივობა სქესთა შორის ურთიერთობებში.

სექსუალურმა რევოლუციამ, პირველ რიგში, საზოგადოების თვითშეგნება შეცვალა: დაირღვა ძველი ტრადიციული ნორმები, მოვიდა ახალი ფასეულობები. სექსუალურ თავისუფლების ზრდასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა (გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონოზი, სიფილისი, ჰერპესი და სხვ.) და მათი გართულებების: პროსტატიტის, უნაყოფობის, ერექციული დისფუნქციის დონეც. ამის მიზეზია მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება, ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების (პრეზერვატივის) უგულებელყოფა, რაც, სამწუხაროდ, სქესობრივი აღზრდის დაბალი დონის დამადასტურებელია. აუცილებლად მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენს ქვეყანაში სიფილისით დაავადება, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში მინიმუმამდე იყო დაყვანილი, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და საშიში ხასიათი მიიღო.

სიფილისი ერთ-ერთი უძველესი ვენერიული დაავადებაა, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, კოლუმბის მეზღვაურებმა შემოიტანეს ამერიკიდან. თანამედროვე სამკურნალო პრეპარატები და მკურნალობის სქემები ამ დაავადებებისგან სრული განკურნების საშუალებას იძლევა, თუმცა მიშვებული და მკურნალობის გარეშე დატოვებული სიფილისი შესაძლოა სახიფათო იყოს როგორც პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ასევე მისი სიცოცხლისთვის. ამ დაავადების ყველზე მძიმე გართულებებია ზურგის ტვინის ტაბესი და პროგრესირებადი დამბლა. ეს დაავადება ჰქონდათ ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორებიც იყვნენ სტენდალი, გი დე მოპასანი. თანდაყოლილი სიფილისი ჰქონდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს. ამ დაავადებებისგან გარდაიცვალნენ ვ. ლენინი, ალ კაპონე.

მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი, დღეისათვის აქტუალური პრობლემა – ეს არის ერექციული დისფუნქცია, რომელსაც წინათ იმპოტენციას უწოდებდნენ. ტერმინი იმპოტენცია ამოღებულია ხმარებიდან, რადგან ის ვერ ფარავდა სექსუალური სფეროს პრობლემების მთელ სპექტრს. იმპოტენცია ნიშნავს კოიტუსის (სქესობრივი კონტაქტის) განხორციელების უუნარობას. ტერმინ ერექციულ დისფუნქციას უფრო ფართო დიაპაზონი აქვს. ის აერთიანებს ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის), იმპოტენციისა და ორგაზმის პრობლემებს. დასასრულს, მინდა ვურჩიო ჩემს თანამემამულეებს, თავი შეიკავონ უწესრიგო სქესობრივი ცხოვრებისგან, უცნობ პარტნიორებთან კონტაქტის დროს ისარგებლონ პრეზერვატივით, გენიტალიების არეში რაიმე სახის დისკომფორტის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართონ სპეციალისტს, ასევე, წელიწადში ერთხელ გაიარონ პროფილაქტიკური გამოკვლევა სპეციალიზებულ დაწესებულებაში