“ხელისუფლების უმოქმედობას და კომფორმიზმს, დაბნეულ დუმილს ხალხი არ შეურიგდება

პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი  ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

-დღევანდელი საპროტესტო აქცია ჩვენს საზოგადოებაში არსებული მძიმე და დღემდე გადაუჭრელი პრობლემების მხოლოდ ზედაპირული გამოვლინებაა. ნარკომანია და ნარკოგამსაღებლების არსებობა ახალგაზრდობის და ზოგადად ქვეყანაში არსებული კრიზისის დასტურია. თითქმის ათ წლიანი ნგრევის და განუკითხაობის შედგომ, ჩვენს წინაშე ისევ განსაკუთრებული სიმწვავით დგას მაქსიმალურად ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი საზოგადოების გადამწყვეტი უმრავლესობის მოთხოვნაა.

მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა დონის წარმომადგენელს ქვეყანაში არსებული კრიზისული მოვლენები სწორედ შეაფასონ და რაც მთავარია დროზე შეიგნონ, რომ მუშაობაა საჭირო და არა კომფორტული კაბინეტებიდან კეკლუცობა ან რაც უფრო სამწუხაროა, შეშინებული და დაბნეული დუმილი. მძიმე გამოწვევებს პატიოსანი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანები უნდა პასუხობდნენ და ლახავდნენ და არა წინა ბინძური რეჟიმის გადმონაშთები.

დღეს ხელისუფლების უმოქმედობა და კომფორმიზმი რევანშზე მაფიქრალ მარგინალურ მოპოლიტიკოსო ჯგუფებს შანს უჩენს შექმნან ქაოსი და დესტაბილიზაცია საქართველოში. ამას კი ხალხი არასოდეს შეურიგდება. საზოგადოებაში არსებულ სამართლიან უკმაყოფილებას დროული და ქმედითი რეაგირება სჭირდება.