“გვჭირდება მეტი დასაბუთება! ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი”

აკაკი ზოიძე

„მომხდარმა ნათელი გახადა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ხელშეუხებელი ადგილები და პირები, არ არსებობენ მფარველები ხელისუფლებაში, რომლებიც ნარკოტიკების გასაღების ოაზისს მფარველობენ.

რა თქმა უნდა, დაკავების ასეთი ფორმა ყოველთვის უზარმაზარ რისკს შეიცავს, – რისკს ძალადობისა, შეხლა-შემოხლისა, აჩენს საზოგადოებაში პროტესტის გრძნობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც კლუბში უბრალოდ გასართობად მივიდნენ.

ამის ახსნა და დასაბუთება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შსს-ს ამბობს, რომ ეს გაკეთდა ადამიანების  სიცოცხლის გადასარჩენად.

ჩვენ ვსაუბრობთ იმ ნარკოტიკებზე, რომელმაც ბოლო თვეებში რამდენიმე ახალგაზრდა იმსხვერპლა.

ჩემთვის ამ სპეცოპერაციაზე ყველანაირი კითხვის ნიშანი მოიხსნება, თუ შსს შეძლებს ბოლო რგოლიდან, – კლუბებში ნარკოტიკების გამყიდველებიდან გადავა „ჯაჭვის“ პირველ რგოლზე, – მათთან, ვინც რეალიზატორებს ნარკოტიკს აწვდის. ისინი არიან მასობრივი მკვლელები. ამ საშიშმა ნივთიერებამ აშშ-ში 70 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ სპეცოპერაციით ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი: ტურისტებთან მიმართებაში, პროტესტი ახალგაზრდებში, დარტყმა ეკონომიკაზე,

ამის შემდეგ ახალგაზრდებში გაჩნდა დაუცველობისა და თავისუფლების შეზღუდვის განცდა. ეს განცდა უკვე წარსულში მოტოვებულ, ავადსახსენებელ დროში დარჩა, როცა სახელმწიფო ადამიანებზე ძალადობდა.

ჯერჯერობით შსს-სგან ამომწურავი პასუხი არ მიმიღია. მოვისმინე მიზეზი, რომ ეს ადამიანების გადასარჩენად მოხდა, თუმცა სპეცოპერაციის ფორმა მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ ძალოვანი უწყება ნარკოტიკის მთავარ რეალიზატორებამდეც მივა. მე, როგორც დეპუტატს, ჩემს კოლეგებთან ერთად, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, აუცილებლად მოვითხოვთ უფრო დეტალურ ინფორმაციას.

კითხვები ასეთია: ნამდვილად არსებობდა თუ არა ინფორმაცია, რის გამოც სპეცოპერაცია ჩატარდა? რამდენად უტყუარი იყო ეს ინფორმაცია.? აღმოჩნდა თუ არა ჩაბარებულ და კლუბებიდან ამოღებულ ნივთიერებებში მართლაც სინთეზური პრეპარატები, რომელიც სიკვდილს იწვევს. ჩვენ გვჭირდება მეტი დასაბუთება.

თუ დაკავების ამ ფორმით, მართლაც ადამიანების სოცოცხლე გადარჩა, შეიძლება, ამან გადაწონოს ის პროტესტი, რაც მომხდარს მოჰყვა”