დავით ფერაძე ბრძოლას პოლიტიკურ ასპარეზზე გააგრძელებს

“პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ფერაძე პოლიტიკაში წავიდა. ის საინიციატივო ჯგუფის მიერ დიდუბის 15-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დღეს დარეგისტრირდა.

ინფორმაციას პედაგოგი სოციალური ქსელით ავრცელებს:

-„მაშ ასე: პ ო ლ ი ტ ი კ ა შ ი…

ბევრმა იცის, რომ საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური (და არა პარტიული) შეხედულებების გამო დევნილობაში ვიმყოფები. დამნაშავე ექსმინისტრ სანიკიძის პირადი ანგარიშსწორებისა და ჩემზე და ჩემ ოჯახზე დაწყებული მრავალთვიანი ტერორის მიუხედავად, დამღუპველი საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა, მადლობა უფალს, ერთი წუთითაც არ შემიჩერებია. ასეთ სიტუაციაში მეგობრებმა დამარწმუნეს პოლიტიკურ სარბიელზე გადავიტანო ბრძოლა. თუმცა, ზოგიერთი მეგობარი, ტრივიალური არგუმენტით – „პოლიტიკა ბინძურია“- თავშეკავებას მირჩევდა. არადა, ეს „პოპულარული სლოგანი“ თავად ბინძურმა პოლიტიკოსებმა გაავრცელეს, რათა სუფთამ იქ არ შეყოს ცხვირი და დისკომფორტი არ შეუქმნას მათ ბილწ თავგასულობას.
საინიციატივო ჯგუფმა (მადლობა მათ), რამდენიმე საათის წინ დიდუბის 15-ე საარჩევნო ოლქში უკვე დამარეგისტრირა საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად. ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ფეისბუქით ვიტყვი ორიოდე სიტყვას:
ვითვალისწინებ, რომ მე და დიდუბელებს სერიოზული შერკინება მოგვიწევს საკუთარი ქისისა და ამბიციების დამცველებთან, რომლებსაც სინამდვილეში არასდროს აღელვებდათ ადამიანები. მწამს, რომ უმრავლესობას არ სჯერა ასეთების წინასაარჩევნო სიყალბეების. ხალხს სურს მსახური და არა ფულიანი მბრძანებლები. მე და დიდუბელები დავამსხვრევთ მითს იმის შესახებ, რომ არჩევნებს მხოლოდ ბევრი ფული და მხოლოდ ერთი და იგივე გაქნილი ფიგურები იგებენ! თუ გამოჩნდება უფრო პატიოსანი, უფრო მართალი, უფრო მგზნებარე, ხალხის უფრო მორჩილი – დიდი სიამოვნებით მივეხმარები.
თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ და კოლორიტულ უბანს სრულიად სამართლიანად ექნება თავისი წილი ძალაუფლება. ღვთის შემწეობით პატიოსანი დიდუბელები მოვლენ ხელისუფლებაში და ეს იქნება რეალობა, მე მხოლოდ მათი მსახურის „ტიტული“ მექნება.
დავდივარ ხალხში და ვხედავ: ხალხის აზროვნება და ინტელექტი ყოველმხრივ აშკარად აღემატება ყეყეჩი მოლაყბე ბობოლების „გაქანებას“. ამიტომაც, ბობოლოკრატიას მე და დიდუბელები მშვიდობიან ომს ვუცხადებთ. სულგაყიდულ „მარადმწვანე პოლიტიკანებსა“ და მათი მემკვიდრეებს პოლიტიკური სანაგვე ელოდებათ!
რაღა თქმა უნდა, ჩემ ძვირფას კოლეგებს – პედაგოგებს სულაც არ ვემშვიდობები. პირიქით, ბრძოლის ველი გაიზრდება. მე ვაპირებ განათლებისთვის, პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, ჩემი ყველაზე სათაყვანებელი ადამიანების – ბავშვებისთვის, მათი საქართველოსთვის ბრძოლის პოლიტიკურ არენაზე გადატანას. ვფიქრობ, ამ მხრივ კარგი საომარი „წვრთნა“ გავიარე!
მადლობა საინიციატივო ჯგუფს და მადლობა ყველა მხარდამჭერს! მადლობა იმ მეგობრებსაც, ვინც შიშის გამო ხელმოწერა ვერ გაბედა, მაგრამ არჩევნებში აპირებს ხმის მიცემას!“-წერს ფერაძე.

 

კომენტარის დატოვება