„…წინასაარჩევნო საკენკს ჰგავს, დაყარონ, მაგრამ აღარ ავკენკავთ!“-რეპორტაჟი კახეთიდან

          რეპორტაჟი კახეთიდან

„ყვარელში “ოცნება” რომ ახსენო, სახლში არ შეგიშვებენ…“

ყვარელში სასაფლაოებზე გასულ ადამიანებს, საფლავები გასუფთავებული დახვდათ. თითქოს მადლიერი უნდა იყოს მოსახლეობა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ისინი საკმაოდ გააღიზიანა ამ ფაქტმა. ჩვენი კორესპოდენტი შეეცადა გასაუბრებოდა ამ ადამიანებს და უკმაყოფილების მიზეზი გაეგო.

-„კახელები პირში მთქმელი ხალხი ვართ, ამდენი ხანი რაიონის ხელმძღვანელობას მკვდარი კი არა, ცოცხალი არავინ გახსენებია და ახლა ეს ყველაფერი უფრო წინასაარჩევნო საკენკს ჰგავს. ისევ საარჩევნოდ თუ გააკეთებენ რამეს, თორემ მერე საპნის ბუშტივით ქრება დაპირებები. გააკეთონ, მივიღებთ, მადლობას ვეტყვით, მაგრამ ხმას ვის მივცემთ, ეს ჩვენი საქმეა. დაყარონ საკენეკი, მაგრამ აღარ ავკენკავთ! ისე კი, ყვარელში “ოცნება” რომ ახსენო, სახლში არ შეგიშვებენ “-აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპოდენტი გვატყობინებს, ხალხი უკმაყოფილოა ლაგოდეხშიც, ისინი უყურადღებობას უჩივიან და აცხადებენ, რომ ლაგოდეხის გამგებელი, კახა ჯამბურია ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის ახლობელია, თანამდებობაზე დაინიშნა და ხალხი დაივიწყა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არ უკარგავენ გამგებელს გაკეთებულ საქმეებს და ამბობენ, რომ წამლების თანხით დააფინანსა, მასთან მისულ მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად ყველა პრობლემის გადაჭრაში ეხმარება.

-„500 ლარის წამალი მქონდა გამოწერილი, მივედი გამგებელთან და 200 ლარით დამაფინანსა. უმადური არ უნდა იყო, ჩემნაირი ასობით და ათასობით მიდის მასთან. მე მადლობელი ვარ“-უთხრა ჩვენს კორესპოდენტს ქალბატონმა.

ეგ არ ვიცი, მაგრამ მაწინი და ატენი რომ სულ უყურადღებოდ არის, ეგ ვიცი. არავინ ჩამოსულა დაზარალებულებთან და არ დაგვხმარებია, დახმარება კი არა, არც მოვუკითხივართ-სიტყვა ჩაუჭრა გვერდით მდგომმა ქალმა.

ჩვენი თანამშრომელი ხალხთან გასაუბრებას შეეცადა და აი, რა გვიამბო:

-„ყვარელშიც და ლაგოდეხშიც, ისევე როგორც ყველა რაიონში ხალხის აზრი გაყოფილია, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოსახლეობა ისე გადაგიშლის გულს, მაგრამ კამერის დანახვაზე ჩუმდებიან და მეტიც, იქაურობას სწრაფი ნაბიჯით ეცლებიან. არიან ისეთებიც, რომ გეუბნებიან-ვინაობას თუ არ გაამხელ, ბევრ რამეს გეტყვიო. აი, ასე გვითხრეს ის, რომ „ყვარელში ოცნებას თუ ახსენებ სახლში არავინ შეგიშვებს“-ო.

კი მაგრამ  კახეთში ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები რომ წარადგინა, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო მისული და რასაც ახლა ამბობ, ცოტა ძნელი დასაჯერებელია…

-აბა და არ მისულიყავ!

-რომელ პარტიას აქვს სხვებზე მეტი შანსი?

-აქ ნაციონალები მუშაობენ მაგრად ხალხთან, ხალხსაც რა, დაღლილია, უჭირს და ავიწყდება ძველი, ამიტომ ბევრი ისეთი ადამიანიც აპირებს ხმის მიცემას, ადრე პირველები რომ იყვნენ მათ წინააღმდეგ გამოსულები. ხომ იცით, მაინც მწირია ადამიანის აზროვნება და ხანმოკლე მახსოვრობა! ვიცი ბევრი ალასანიას უჭერს მხარს.

-თქვენ ვის აძლევთ ხმას?

-ეგ ჩემი საქმეა, ხმის მიცემა ფარული იმიტომ არის და ფარდის უკან იმიტომ ვხაზავთ სასურველ ნომერს, რომ სხვამ არ გაიგოს. რა იცით ეს ჟურნალისტებმა, ამის უფლებაც წამართვით ახლა, არ არის ეგ თქვენი საქმე!

ამ სიტყვებით საკმაოდ გაბრაზებული გაგვშორდა, ვცადე ამეხსნა, რომ არც მიფიქრია რაიმე მეწყენინებინა, მაგრამ ხელი აქნია და „ყველა ერთნაირი ხართ, სისხლი გაქვთ გადასხმულიო“ გამომძახა.

14011947_1250863721599111_1623915641_n

ერთგან რამდენიმე ადამიანი დავინახე, საუბრობდნენ. მეზობლები არიან, მიცნეს, მომიკითხეს.

-აბა, რა ხდება თქვენსკენ? სააკაშვილის განცხადებაზე რას ფიქრობთ?

-რაო, რა განაცხადა, კიდევ რა მინდაო?-მკითხა ერთმა.

-კახეთში თავის ვენახში დაბრუნება.

-ეგ სადა თქვა?

-ინტერნეტით გაავრცელა განცხადება.

-აბა ინტერნეტით რა თქვა ჩვენ რა ვიცით, სადა გვცალია მაგისთვის, საქმე თავზე საყრელად გვაქვს, ჩამოვა თორემ ჩემს საქმეს გააკეთებს…ჩვენ თუ არ ვუშველეთ თავს, მშველელი არავინ არის, ვის აინტერესებს გლეხი! წადი, წადი, უსაქმურების მეტი რაა, ეგ ინტერნეტის ამბები იმათ გამოჰკითხე.

-არჩევნებზე მიდიხართ?

-ეგეც ჩვენი საქმეა!

-წავალთ, მა რას ვიზამთ, აბა ჩვენს ხმებს ხომ არ გავაყალბებინებთ-მითხრა მეორემ.

-უკვე იცით ვის მისცემთ ხმას?

-ვისაც მინდა, ან სულ გადავხაზავ.

-და თქვენი პროგნოზი მაინც როგორია?

-პროგნოზი ამინდის არ მართლდება და პოლიტიკური გინდა ჩვენ უტყუარი დავდოთ?-სიცილით მიპასუხა და გვერდით მგდომებს გადახედა. ისინიც იცინოდნენ-9 ოქტომბერს მოდი და გეტყვით პროგნოზს-მხარზე ხელი შემომკრა და საღამოს გაიარ-გამოიარე, იმდენ მოლაპარაკეს იპოვი, ეგება დაიღალოო-მითხრა და სამუშაოდ გაეშურნენ.

საღამოს გავალ, ულამაზესი კახეთიდან ფოტოებსაც მოგაწვდით და ენაწყლიანი კახელების მოსწრებულ საუბარსაც“.

ამ მასალის მიღების შემდეგ გურჯაანში რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით, გვაინტერესებდა, იქ თუ ეთანხმებოდნენ ყვარელში გაგონილ მოსაზრებას.

-ყვარელში ამბობენ, “ოცნება” რომ ახსენო, სახლში არ შეგიშვებენო”, თქვენთან რა ხდება ამ მხრივ?

არა, რას ამბობ, ტყუილია, მაგრამ ბევრი სამუშაოები კი არი, უბნებზე ნაციონალები გაუშვეს და პრობლემებს ჰქმნიან!

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება