თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან რაიმუნდას კარობლისთან შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმდინარეობა განიხილეს. ლევან იზორიამ ლიეტუველ კოლეგას ნატოში ინტეგრაციის პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დროს მხარეებმა სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის თანამშრომლობის ფორმატსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ბერგმანისთან შეხვედრის მთავარი თემა კი ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბრიუსელის მომავალ სამიტსა და საერთაშორისო მისიებზე. თავდაცვის მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება  შავი ზღვის რეგიონსა და ბალტიისპირეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს.

ბალტიისპირეთის თავდაცვის მინისტრები საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.