როგორც მოქალაქესა და ჟურნალისტს მიჩნდება უამრავი კითხვა, არც ეჭვია უსაფუძვლო!..

2018 წლის 26 იანვარს, ქუთაისელი , 34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილი მეან გინეკოლოგი მკვლელად გამოაცხადეს, 22 წლის, ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში , 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდანვე პატიმრობაში აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი -ირაკლი მერკვილაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამის დამადასტურებელ უამრავ მტკიცებულებებსაც ფლობს, იგი კვლავ რჩება პატიმრობაში.

მესამე თვეა ვსწავლობ, ვიკვლევ, ვწერ, გადაცემაში „პაციენტის დრო“ ვიწვევ „ირაკლი მერკვილაძის საქმეში „ ჩართულ ექსპერტებს, კომპეტენტურ სპეციალიტებს სამედიცინო ასოციაციებიდან, რომლებსაც ჩემსავით უამრავი კითხვა აქვთ და ერთმნიშვნელოვნად ექიმის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე მე, როგორც მოქალაქესა და ჟურნალისტს მიჩნდება უამრავი კითხვა, რის საფუძველზე მოხდა ექიმის დაპატიმრება ? მაინტერესებს, სად იკვეთება საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობა, მაშინ როცა ექიმმა ზედმიწევნით პროფესიონალურად ჩაატარა ოპერაცია, პაციენტი სრულიად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან. რა მოხდება შემდგომ, ექიმზე მეტად პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული, რადგან მელოგინეს, მით უფრო საკეისრო კვეთით ნამშობიარებს სათანადო პირობების, ჰიგიენური ნორმების, ზამთრის პერიოდში სითბოს არსებობა ესაჭიროება. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია არცერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადების ექიმის ჩვენებებს, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ პაციენტი იმყოფებოდა მელოგინისთვის სრულიად შეუფერებელ, თითქმის გაუსაძლის პირობებში, ასევე არც ის, რომ პაციენტის მდგომარეობა არც ისე კრიტიკული გახლდათ, მაგრამ მაინც სთავაზობდნენ ჰოსპიტალიზაციას ნებისმიერ სამედიცინო კლინიკასი, თუმცა ამაოდ-კატეგორიული უარით ისტუმრებდნენ მათ თავად პაციენტი და მისი მეუღლე. პაციენტის დედა კი ტელეფონით, თბილისიდან ბრძანებებს აძლევდა სასწრაფოს ექიმებს, არ გადაეყვანათ მისი შვილის არსად და კატეგორიულად მოითხოვდა დიაგნოზის დასმას..

აქვე, მკითხველს მინდა შევახსენო, რომ პაციენტი საკეისრო კვეთიდან ორი კვირის შემდეგ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც ძირითადად უჰაერობაში გამოიხატებოდა, ისევ ექიმის დაჟინებული მოთხოვნით მივიდა ირაკლი მერკვილაძესთან. ექიმმა მიიტანა ეჭვი ფილტვებიდან მომდინარე პრობლემაზე და კონსულტაციისათვის გააგზავნა თერაპევტთან. შემდეგში, თერაპევტთან შეთანხმებით მოათავსა სტაციონარში, მიუჩინა პერსონალური ექთანი, გაუკეთა სრულიად უფასოდ (ერთ-ერთი ანტიბიოტიკის თანხა თავად ექიმმა მისცა პაციენტის მეუღლეს) სასწრაფო გადასხმები. აღნიშნულმა პროცედურებმა ორ საათში შედეგი გამოიღო და პაციენტის მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობდა. როგორც კი პაციენტმა კარგად იგრძნო თავი, ექიმთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე კლინიკა თვითნებურად დატოვა. თუმცა იმავე საღამოს კვლავ უჰაერობის გამო კვლავ იძახებენ სასწრაფო დახმარებას, რომელიც ისევ ჰოსპიტალიზაციას თავაზობს, თუმცა პაციენტისა და ოჯახის წევრებისაგან კატეგორიულ უარს ღებულობს, რასაც სათანადო ხელმოწერით ადასტურებს აწ გარდაცვლილი. კიდევ ოთხი საათის გასვლის შემდეგ, პაციენტი ისევ იძახებს სასწრაფო დახმარებას, რომლის ანალოგიურ შეთავაზებაზე, კვლავაც უარს უფიქსირებს ჰოსპიტალიზაციაზე და მთელი ერთი დღე-ღამის შემდეგ, პაციენტის მეუღლე კვლავაც იძახებს სასწრაფო დახმარებას, რომელსაც ვიოლეტა მატინოვა, პრაქტიკულად ტერმინალურ მდგომარეობაში გადაჰყავთ საავადმყოფოში, სადაც შეყვანიდან რამოდენიმე წუთში გარდაიცვალა კიდეც. გამამტყუნებელი განაჩენის გამომტანმა მოსამართლემ, ირაკლი მერკვილაძის ბრალეულობა ინკრიმინირებულ ქმედებაში იმით დაასაბუთა, რომ მერკვილაძეს, როგორც მაღალკვალიფიციურ ექიმს, უნდა გაეთვალისწინებინა პაციენტის დაღუპვის შესაძლებლობა. ანუ, მერკვილაძეს უნდა გაეთვალისწინებინა: რომ პაციენტი სახლში წასვლისას იქნებოდა მელოგინისთვის არასათანადო პირობებში. ან საიდან უნდა სცოდნოდა ექიმს რომ მისი პაციენტი ჯანმრთელობის გაუარესებისას არ დაუკავშირდება მას? ან პაციენტი და ან მისი ოჯახის წევრები რომ არ გამოიჩენდნენ ელემენტარულ გონიერებას და უარს განუცხადებდნენ სასწრაფო დახმარების ექიმების შეთავაზებას ჰოსპიტალიზაციაზე? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თურმე, ექიმს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელებისას, პაციენტი დაიწყებდა გარკვეული პრეპარატების თვითნებურად მიღებას.

მოგეხსენებათ გარდაცვლილის ორგანოებში და სისხლში აღმოჩენილ იქნა ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალი. აღნიშნული პრეპარატი ან მისი შემცველი სხვა წამალი, არც ირკალი მერკვილაძეს და არც სასწრაფო დახმარების ექიმებს პაციენტისათვის არ მიუციათ, საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია. ფენობარბიტალის გარკვეულ დოზას შეეძლო, როგორც გარდაცვალების გამოწვევა, ასევე იმ პრეპარატების მოქმედების გაუვნებელყოფა, რომელიც მას მერკვილაძემ გაუკეთა სამშობიაროში.

ამ საკითხზე, მე ჩემს გადაცემაში „პაციენტის დრო“ სტუმრად მყავდა დამოუკიდებელი ექსპერტი , პათანატომი ჯენეტ ნანიკაშვილი, რომელმაც ისაუბრა დავწრილებით ფენობარბიტალის ჩვენებებზე. ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ მტკიცებულებებით და საქმეში არსებული მასალებით აღნიშნა, რომ სამახარაულის სასამართლო ექსპერტიზამ იმუშავა არასრულყოფილად, სხვა ორგანოებზე რომ არაფერი ვთქვათ, გინეკოლოგი გასამართლდა გინეკოლოგიური ორგანოების – საკვერცხეების, კვერსავალი მილების, საშვილოსნოს კვლევის გარეშე- სამხარაულის ექსპერტიზამ ვიზუალური დათვალიერებით არ ჩათვალა საჭიროდ. ვიზუალურად თუ არ ჩანს პათოლოგია, გაკვეთის დროს შესაძლებელია პათოლოგიის აღმოჩენა?

მკითხველო, დასკვნის გამოტანას თქვენ მოგანდობთ! დამოუკიდებელი ექსპერტიზის ექსპერტების დასკვა ასეთია: თუ გვამის გამოკვლევისას რომელიმე ორგანო არ არის გამოკვლეული ჩვენს მიერ მითითებული სქემით, მისი მხოლოდ ვიზუალური აღწერა, განაკვეთის გაკეთება და რაც მთავარია, ორგანოს მორფოლოგიური გამოკვლევა, არ შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვნად!

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, აგრეთვე საქმის მასალებში არსებული სამხარაულის ექსპერტის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, სასამართლომ ამაზეც არ გაამახვილა ყურადღება.

მოკლედ ქუთაისის სამოქალაქო სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი, ექიმის აშკარა გამამართლებელი ფაქტები სრულიად უყურადღებოდ დატოვა, რამაც საზოგადოებას გაუჩინა უამრავი კითხვა, და ექიმს კი გონივრული ეჭვი, რომ მისი საქმე მთლიანად შეკვეთილად მიეჩნია.

ირაკლი მერკვილაძემ სასამართლოშივე საჯაროდ დაასახელა კონკრეტული პიროვნება, ყოფილი პროკურორი, „ლერი ხონელიძის სახ. კლინიკის“ დირექტორი დავით ხონელიძე, რომელსაც ხელეწიფებოდა მოეხდინა სასამართლოზე ზეწოლა!

8 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო კვლავ განიხილავს „ირაკლი მერკვილაძის“ საქმეს, იმედია იმ ფაქტებს და დეტალებს , რომლებიც სრულიად დააიგნორაქუთაისის სამოაქალაქო სასამართლომ, დასაბუთებულად უარყოფს და მიიღებს სააპელაციო სასამართლო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი და საზოგადოებაც დარწმუნდება ირაკლი მერკვილაძის საფუძვლიან თუ უსაფუძვლო ეჭვებში!

მაია ცომაია