“აფხაზეთი და სამაჩაბლო არის, იყო და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი!”

პარტია “მემარცხენე ალიანსის” განცხადება სირიის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე:

“მოხდა მეტად სამწუხარო ფაქტი, სირიის ხელისუფლებამ, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს რუსეთი, აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, რაც ძირშივე მცდარი და წარმოუდგენელია, რადგან აფხაზეთი და სამაჩაბლო არის, იყო და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

ჩვენი პარტია ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ რუსეთთან აღდგენილიყო დიპლომატიური ურთიერთობა, გაუქმებულიყო სავიზო რეჟიმი, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაბრუნებულიყო ყველა ეთნიკური წარმომავლობის დევნილირუსეთს მოეხსნა მავთულხლართები და უკან წაეღო ქართული ტერიტორიების აღიარების ჰადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში აღდგენილიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

სამწუხაროდ, რუსეთმა განაგრძო აგრესიული ქმედება თავისი სამხრეთელი მეზობლის – საქართველოს მიმართ და ნაცვლად იმისა, რასაც “მემარცხენე ალიანსი” სთავაზობდა, რუსეთის ხელისუფლებას, მან სირიის მთავრობას ქართული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებინა.

რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო დაძაბავს რუსულ-ქართულ ურთიერთობას, კავკასიის რეჰიონს კვლავ დატოვებს ფეთქებადსაშიშ მდგომარეობაში რუსეთის საერთაშორისო იმიჯს კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს. რაც შეეხება საქართველოს, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ხალხის სურვილს დასავლური ინტეგრაციისაკენ და ნატოს წევრობისაკენ, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ალტერნატივა მართლაც არ გააჩნია.

ყოველივე მომხდარის შემდეგ “მემარცხენე ალიანსი” აცხადებს, რომ არ არსებობს ქვეყნად ძალა, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს საბოლოო გაერთიანებას.