ხვალ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვევა

საქართველოს 30-31 მაისს, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

30 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.

პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფაშინიანი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

გარდა ამისა,  საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

10 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში მიიწვია.