“ქართულ მარშში” ვერ ვხედავ საკმარის ინტელექტს და იმ ეროვნულ მუხტს, რომელიც ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს…”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი.

“ქართული მარშის” მისია ჩემთვის გაუგებარი რჩება. ამას იმიტომ ვწერ, რომ ზურგს უკან საუბარი არ გამომივიდეს. გნებავთ გაითვალისწინეთ, გნებავთ – გააგრძელეთ ჩემი ამოშლა, ჩემთვის სულერთია.

ზოგიერთ მათ მიერ წამოჭრილ საკითხში მათ ვგულშემატკივრობ კიდეც, მაგრამ როგორც პოლიტიკურ ძალას მათ ვერ აღვიქვამ, მათში ვერ ვხედავ საკმარის ინტელექტს და იმ ეროვნულ მუხტს, რომელიც ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს.. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა. ნაციონალისტები იყვნენ ილიაც და ზვიადიც, მაგრამ ფაშისტური ჟესტებით არ დადიოდნენ ქუჩებში და ჰიტლერსაც არ სცემდნენ თაყვანს! ასეთი ჯგუფები კი “მარშს” ნამდვილად ჰყავს. ნაციზმი კი პირადად ჩემთვის იდეოლოგიურად სრულიად მიუღებელია!
აი ასე ასხვავებს ზ.გამსახურდია ნაციონალიზმს ნაციზმისგან:

 “ნაციონალიზმი” და “ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობისა და განვითარებისათვის ზრუნვაა, იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრომლობას და კეთილმეზობლობას, ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის მხრივ სხვა ერებზე ბატონობისკენ, მათი მოსპობისკენ სწრაფვა.

ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასისათებს, რომელთაც აქვთ ექსპანსიისკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს, იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას. “