“მთავარია მეგობრები გყავდეს მთავრობაში და გარანტირებული გაქვს ადგილი პარლამენტში…”

  ნიკა მემანიშვილი

     უფლებადამცველი

-“განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ლევან კობიაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დაყენებამ. კობიაშვილს დიდ პატივს ვცემთ როგორც ფეხბურთელს და ეს მუდამ ასე იქნება მისი დამსახურებიდან გამომდინარე, მაგრამ პოლიტიკაში მის მოსვლას ვერ მივესალმები. როდესაც მას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელად ირჩევდნენ, არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ კობიაშვილი თავისი პროფესიიდან გამომდინარე საუკეთესოდ წარმართავდა ფეხბურთის მომავალს, საინტერრსოა ის არგუმენტები, რის გამოც იგი შესაძლოა გახდეს საკანონმდებლო ორგანოს წევრი… როგორ მიიღებს მონაწილეობას კანონწარმოებაში, როდესაც მას არანაირი გამოცდილება არ აქვს, ხომ არ სჯობდა დარჩენილიყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად?
ჩემი აზრით მსგავსი ნაბიჯებით ქართული ოცნება ხაზს უსვავს იმას, რომ სწავლას და განათლებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია მეგობრები გყავდეს მთავრობაში და გარანტირებული გაქვს ადგილი პარლამენტში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლევან კობიაშვილის პიროვნების მიმართ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რაც შეეხება პრინციპს ,,ყველანი პოლიტიკაში” ნამდვილად ვერ მივესალმები და ვფიქრობ არც არის მისაღები. როდესაც საქმე ქვეყნის ბედ-იღბალს ეხება, გადაწყვეტილებების მიღება უნდა ვანდოთ პროფესიონალებს, შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებს.
ვფიქრობ ყველა პროფესიის ადამიანმა საკუთარი საქმე უნდა აკეთოს, თუ გვინდა რამეს დავამსგავსოთ ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდამ ასეთივე ქაოსი იქნება როგორიც დღეს არის. მთავარი ფასეულობა და ღირებულება ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზრუნვა უნდა იყოს და არა პოლიტიკაში თავკუდმოგლეჯილი გაქცევა.
ყველამ აკეთოს თავისი საქმე და ყველაფერი კარგად იქნება”

კომენტარის დატოვება