მწერლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ

მწერლები, გამომცემლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა სარალიძესა და ყველა შვილმოკლულ მშობელს სოლიდარობას უცხადებენ და განცხადებას ავრცელებენ. მხარდასაჭერი პრესკონფერენცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოზარდების მკვლელობის საქმე საშიშ ფაზაში შევიდა და სამხილების აშკარა ფალსიფიკაციით და ჩინოსნების შვილებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის გაცემით ხელისუფლებამ ხელ-ფეხი გაუხსნა მომავალში დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქმის პროკურატურიდან შსს-ში გადატანა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება ვერც კი აცნობიერებს პრობლემის სიმწვავეს და იმას, რომ მხოლოდ ამ გზებით ხელისუფლება სისტემურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

სახელოვნებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უნდა აირჩეს პროკურორი რომელსაც ექნება სახალხო მანდატი და არ იქნება ხელისუფლების ბნელი ზრახვების ასრულებაზე დაპროგრამებული რობოტი.