“არ მინდა საქართველო დავტოვო და სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე რეკორდის დასამყარებლად”(ვიდეო)

რუბრიკა

სტუმარი

ეს არ არის არც მოგონილი ზღაპარი და არც სპეცეფექტები, ის არც შაოლინის ბერია და არც ბრუს ლი-ს ფილმის პერსონაჟი…ჩვენი სტუმარი მსოფლიო რეკორდსმენია, რომელმაც არა მხოლოდ დაამყარა მსოფლიო რეკორდი საჩვენებელ თითებზე აზიდვაში, არამედ არ გამოსჩენია მეტოქე არც ერთ ქვეყანაში.

დღეს სააგენტოში საინტერესო და მეტად უცნაური სტუმარი გვყავდა. სხვა რა შეიძლება უწოდო ადამიანს,  რომელმაც არაერთ შეთავაზებაზე თქვა უარი და არ დატოვა საშობლო, არადა ძალიან ცნობილიც იქნებოდა და შეძლებულიც…

ლევან ბერუაშვილი საჩვენებელ თითებზე აკეთებს აზიდვებს.  როგორც გვითხრა თითებზე აზიდვებს სხვებიც აკეთებენ, მაგრამ სხვა თითებზე, გარდა ამისა, იმ საოცარ ნომერზეც გვიამბბო „ნიჭიერის“ მეორე ტურისთვის რომ ამზადებდა, მაგრამ…

ყველაფერი კი 8 წლის ასაკში დაიყო, როცა ბიჭმა ბრუს ლის მონაწილეობით ფილმი ნახა. იმ დღის მერე სულ ვარჯიშობდა და 3 წლის შემდეგ გაბედა გაემეორებინა ლის ტრიუკი, გაბედა და გამოუვიდა კიდეც. მას მერე სულ მუშაობს თავის თავზე, ცდილობს კიდევ უფრო გააუმჯობესოს მიღწეული რეკორდი…

ლევანი ცხინვალიდან დევნილია, დღეს სხვადასხვა სამუშაოებით ირჩენს თავს და იმედს არ კარგავს, რომ მისი ნიჭი საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩება.

პროექტს „ნიჭიერშიც“ გამოვიდა, მაგრამ მეორე ტურში არ გადაიყვანეს.

-ასე მითხრეს ის, რასაც შენ აკეთებ საოცრებაა, სენსაციაა, მაგრამ არის შენი რეკლამა, რეკლამა კი ფული ღირსო…ისიც მითხრეს, მეორე ტურში რაღა უნდა გააკეთოო“-იხსენებს ლევანი.

მერე იყო შეთავაზებები ცხინვალიდან, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა, თან გაბრაზდა კიდეც-დევნილი ვარ და ეგ როგორ შემომკადრესო. ლევანს ჯუმბერ ლეჟავა ეხმარებოდა და ცდილობდა დაეკვალიანებინა, ასწავლიდა საპიარო გზებსაც, მაგრამ…

-სიუჟეტებიც გაკეთდა ჩემზე, გადაცემებშიც მიმიწვიეს

https://www.facebook.com/irakli.vekua.102/videos/1072375376131360/UzpfSTEwMDAwMzAzNjM2NTA3MjoxNjcwNDA3NTM2NDAzNzc2/

მაგრამ რაიმე შედეგი არ მოჰყოლია, მერე საზღვარგარეთიდან დამიკავშირდნენ, სოციალურ ქსელში ვიდეოები რომ დავდე, დაინტერესდნენ, მაგრამ მე მაშინ არაფერი ტიტული არ მქონდა, მივხვდი მარტო ვერაფერს შევძლებდი და საქართველოს რეკორდთა ფედერაციას მივაკითხე, ფედერაციის ხელმძღვანელმა გამაწევრიანა, რეკორდებზეც გამოვდიოდი, სადაც მიდიოდა სულ თან ვახლდი, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი სიფრიფანა სერთიფიკატი დამრჩა. სერთიფიკატი ადასტურებს, რომ ვარ მსოფლიო რეკორდსმენი. მერე არაფერი სერიოზული აღარ ყოფილა და დავტოვე ფედერაცია.

https://www.facebook.com/levani.shemshenovi/posts/940103022767568

ადრე ბოქსიორი ვიყავი, მაგრამ უსახსრობის გამო ვეღარ გავაგრძელე ბრძოლა. ბევრი მეუბნება წადი საზღვარგარეთ, დიდი შედეგი გექნებაო, მაგრამ გული ვერ დავიყოლიე, არ მინდა საქართველოდან წასვლა, არ მინდა სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა. მინდა აქ ვიყო, მინდა ჩემი მაგალითით ახალგაზრდები უფრო მეტად დაინტერესდნენ სპორტით, მინდა ჯანსაღი ცხოვრების წესს გავუწიო პროპაგანდა, მაგრამ ვხედავ, რომ ან ზურგი უნდა მქონდეს ან ფული, სხვანაირად ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ვერაფრს მიაღწევ.

-ახლა რა ეტაპზე ხარ?

ხლა კიდევ ერთ ნომერს ვამზადებ, ეს ის არის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ახლა ყველაფერს ვერ ავხდი ფარდას, მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდება თავს არ დავზოგავ და ყველგან ვასახელებ ჩემს ქვეყანას.

-თითებზე როგორც ვიცი სხვებიც იწევიან. რითი ხარ განსხვავებული?

-კი, ბატონო, იწევიან, მაგრამ სხვა თითებზე-ზოგი შუა თითზე და ზოგი ცერაზე. ამისი გამეორება ადვილია, მაგრამ იმას, რასაც მე ვაკეთებ ვერავინ იმეორებს.

-რაზე გწყდება გული?

-რაზე და მე რომ სხვა ქვეყანაში ვიყო, დღეს საკმაოდ ცნობილი ვიქნებოდი და რაც მთავარია, ჩემი პოტენციალი იქნებოდა გამოყენებული, მე კი ხმა ვერავის მივაწვდინე. სპორტის მინისტრს შევხვდი, მაგრამ უშედეგოდ, მერე სამინისტროში 4 საათი მალოდინეს და პასუხი კი არა, ადამიანიც ვერ ვნახე სამინისტროში დაინტერესებულიყო ჩემი მდგომარეობით, პასუხიც კი არ მითხრეს არაფერი და ასე 4 საათი სულ ტყუილად ველოდე, თითქოს არც ვარსებობდი, არავინ მოსულა თუნდაც უარის სათქმელად…

-შემოთავაზებებზე უარი ვთქვიო, ეს უკვე იყო, აი ახლა რომ მიიღი შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან, რას იზამ?

-გამიჭირდება, მაგრამ უკვე სხვა გამოსავალი არ მაქვს, ჩვენს ქვეყანაში არავის ვაინტერესებ და არავინ დამდგომია გვერდით, ამიტომ ვიფიქრებ, მაგრამ ძალიან არ მინდა ჩემი სამშობლოს დატოვება…

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეხვდებიან რეკორდსმენს, დაინტერესდებიან კომპეტენტური სტრუქტურები და კიდევ ერთი სპორტსმენი არ დატოვებს საქართველოს, კიდევ ერთხელ არ მოგვიწევს სხვა ქვეყნის სახელით გამოსული და გამარჯვებული ქართველის გამო დანანებით სიხარულის გამოხატვა.