“სანამ ახალი პრემიერის პიროვნების განხილვას დავიწყებთ, გავიაზროთ როგორ მოიპოვება ნდობა პოლიტიკაში?..”

დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი

-სანამ ახალი პრემიერის პიროვნების განხილვას დავიწყებთ, მანამდე ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება უნდა გაიაზროს თითოეულმა მოქალაქემ და მითუმეტეს მმართველი პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა:
პრემიერმინისტრის პოსტი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობაა. შესაბამისად პრემიერმინისტრი უნდა ინიშნებოდეს უმაღლესი ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით. რამე თუ პოლიტიკაში ყველაფერი ნდობაზეა აგებული. ეს არის პოლიტიკური მეცნიერების ქრესტომათიული ჭეშმარიტება და არა ჩემი სუბიექტური აზრი.

ახლა გავიაზროთ ის, თუ როგორ მოიპოვება ნდობა პოლიტიკაში? პირველ რიგში გამჭვირვალობით და პოლიტიკური ბრძოლის საკმაოდ დიდი, გრძელვადიანი შეუბღალავი ისტორიით. ზუსტად ეს ფაქტორები განაპირობებს იმ ტრადიციას, რომ პრემიერ მინისტრად ინიშნებიან გამარჯვებული, მმართველი პარტიის ხელმძღვანელები. იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკოსები წლობით იყვნენ ხელის გულზე და თავისი დიდი პოლიტიკური ბიოგრაფიით მოპოვებული აქვთ ხალხის ნდობის მნიშვნელოვანი დოზა. ანუ ხალხმა ძალიან კარგად იცის ვინ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას და ვინ უნდა განსაზღვროს მათი მომავალი. სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს საერთოდ არ იცის სახელისუფლებო გუნდმა და პირადად ბიძინა ივანიშვილმა. ეს კი ძალიან ძვირი გვიჯდება საქართველოს მოქალაქეებს, აგერ უკვე მეშვიდე წელია.

რეალობა კი უაღრესად ტრაგიკულია და არ გვიტოვებს არანაირ იმედს უკეთესი ყოფა ცხოვრების. რამე თუ ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემა აპრიორი არასწორია, დესტრუქციულია და ემყარება მაფიოზურ ურთიერთობებს. შესაბამისად, მეშვიდე წელია საქართველო სახელმწიფოდან მეთოდურად გარდაიქმნება მაფიოზურ, კრიმინალურ სინდიკატად და კარგავს სახელმწიფოს სახეს. ანუ ჩვენ გადავინაცვლეთ არშემდგარი სახელმწიფოების რიგში, რაც რუსეთის სტრატეგიული მიზანი იყო. რაც პუტინმა ვერ გააკეთა 2008 წელს რუსული ტანკებით, ის უბადლოდ გააკეთა მისმა “ნამესნიკმა” ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო ბიულეტენებით.
რეალობა ტრაგიკულია, სისტემა სულ უფრო ავტორიტარულ მაფიოზური ხდება. ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დამდგარმა ივანიშვილმა მაქსიმალურად გაამკაცრა მმართველობის მახინჯი ვერტიკალი და მთლიანად “ოჯახის”, კოზა ნოსტრას პრინციპებზე გადაიყვანა. რისი დაგვირგვინებაც გახდა მამუკა ბახტაძის გაპრემიერება.

როგორც მისი სივიდან ჩანს, მშვენიერი განათლება აქვს მიღებული. მაგრამ ყოველივე ეს ფასს მაშინვე კარგავს გადავხედავთ თუ არა იმ გარემოს რომელშიც კარიერის მანძილზე მას უხდებოდა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ეს ყოველთვის იყო მაფიოზურ კლანური გარემო, რომელიც ძირითადად კრიმინალურ, არა სახელმწიფოებრივ უნარჩვევებს ანვითარებს ადამიანში. ასეთი შეძენილი უნარჩვევების შედეგი ყველაზე კარგად და ნათლად გამომჟღავნდა მისი კარიერის იმ ნაწილში, როდესაც ბახტაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს რკინიგზას. ქართველი ხალხის ყველაზე წარმატებული და შემოსავლიანი საწარმო მან ფაქტიურად გააკოტრა და მთლიანად დაუქვემდებარა ივანიშვილების მაფიოზურ ოჯახს. ესოდენ მძიმე და ბინძური ბეგრაუნდით არცერთი პიროვნება არ მოსულა პრემიერმინისტრის პოსტზე. მითუმეტეს ამ ასაკში. შესაბამისად, თუ მოქალაქე ოდნავ მაინც მოაზროვნეა და გული შესტკივა სახელმწიფოზე და საკუთარ მომავალზე, შეუძლებელია ის შეეგუოს შექმნილ რეალობას და აქტიურად არ გააპროტესტოს ის. ანუ, ერთის მხრივ ბრძოლა გაგვირთულდება, რადგან სისტემა უფრო ბოროტი გახდა. მაგრამ, მეორეს მხრივ სისტემამ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრირება და მარგინალიზაცია. რაც გარდაუვლად გამოიწვევს მისი კრახის დაჩქარებას.

საფიქრალი ახლა ისაა თუ რის ფასად დაგვიჯდება ამ ბოროტების დამარცხება, თორემ მისი კრახი გარანტირებულია. გარდა ამისა, უცნობი ადამიანი, რომელიც ბინძური გარემოდან გამომდინარე დახუნძლულია უამრავი კომპრომატებით ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის და უაღრესად მოწყვლადია საგარეო მტრისთვის. რომელიც თავისი ამორალური სახიდან გამომდინარე არ მოერიდება ასეთი პოლიტიკოსის და ქვეყნის მმართველის დაშანტაჟებას, საკუთარი ინტერესების მისაღწევად.

ამიტომ, ბახტაძის ფიგურა პრემიერმინისტრის პოსტზე ეგზისტენციალურ საფრთხეებს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს საგარეო ფრონტზეც. დასკვნები და შეფასებები თქვენთვის მომინდია მკითხველო. მე კი ჩემი მხრიდან ასე დავამთავრებ: ბიძინა ივანიშვილის სისტემა უნდა დაინგრეს. ის ბოროტებაა, რომელიც მდორედ კლავს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.