არავითარი სურვილი არ მქონია, ვინმეს ღვაწლი, გმირობა იოტისოდენად მაინც შემებღალა – პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა – მიხეილ სარჯველაძე

არავითარი სურვილი არ მქონია, ვინმეს ღვაწლი, ვინმეს მონდომება, გმირობა იოტისოდენად მაინც შემებღალა და დამეკნინებინა, ამის მიზანი და განზრახვა ნამდვილად არ მქონია – პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“იმ დღეს, როცა ვსაუბრობდი, ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, როცა გარკვეული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება და ეს გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებას და არასწორ აღქმებს ქმნის. ის რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის რაც ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო, რა თქმა უნდა, არავის, არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არ გვქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი და ვინმეს გმირობა დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი რაც ირაკლიმ გააკეთა. რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არა თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვთქვათ, რომ არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ვინმეს ღვაწლის დაკნინება ნამდვილად არ გვინდოდა – რა თქმა უნდა, პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ”, – განაცხადა სარჯველაძემ.