“ახალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა ვიხილოთ გახარია!..”

ახალი პრემიერ-მინისტრი  მალე მინისტრთა ახალ შემადგენლობას წარადგენს. საზოგადოებაში უკვე ისმის კითხვა-ვინ იქნებიან ახალი მინისტრები? დატოვებენ თუ არა მინისტრთა კაბინეტს ის მინისტრები, რომელთა გადადგომას საზოგადოების ნაწილი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ითხოვს?

ერთ-ერთი მინისტრი გიორგი გახარიაა რომლის გადადგომის მოთხოვნა უკვე არაერთხელ გაჟღერდა.

„მედიატორის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თეონა ჭალიძე მათ შორისაა, ვინც გახარიას გადადგომას მოითხოვს.

ჩვენ თეონა ჭალიძეს სწორედ ამ კითხვით დავუკავშირდით.

-რატომ უნდა დატოვოს პოსტი შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ?

-როგორც ხედავთ ქვეყანაში დანაშაული ყოველ წელს იზრდება. თუ 2016 წელს 35997 დანაშაული დაფიქსირდა, 2017 წელს 37944 დანაშაულია რეგისტრირებული. კიდევ უფრო გაექცა ხელიდან სადავეები შსს მინისტრს გახარიას, რაც 2017 წლის ნოემბერში მინისტრად დაინიშნა.
მხოლოდ 2018 წლის პირველ კვარტალში 14000 დანაშაული დაფიქსირდა, რაც 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 40 პროცენტითაა გაზრდილი. ტენდენცია გრძელდება, კრიმინალი იზრდება, ყოველ დღე სროლა, ყოველ დღე მკვლელობა, ყოველ დღე ყაჩაღობა. დანაშაულს ხელს აფარებენ, უკანონოდ იჭერენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ზეწოლას ახდენენ განსხვავებული აზრის მქონე პირებზე-შეურაცხყოფენ და ამცირებენ მათ. საკრებულოს დეპუტატები ფიზიკურად უსწორდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს!

სწორედ ამიტომ ახალ მინისტრთა კაბინეტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიხილოთ გიორგი გახარია, რომლის მინისტრობის დროსაც უკავშირდება ასევე ხორავას ქუჩის ტრაგედია და დამნაშავეებზე ხელის დაფარების ფაქტები.