„რითი აშანტაჟებს წულუკიანი ,,ოცნების” ლიდერებს… ისიც ცხადია ის ივანიშვილის ფავორიტია“

ახალი პრემიერ-მინისტრი  მალე მინისტრთა ახალ შემადგენლობას წარადგენს. საზოგადოებაში უკვე ისმის კითხვა-ვინ იქნებიან ახალი მინისტრები?

პირველი მინისტრი, რომლის ახალ კაბინეტში ხილვას არ ისურვებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. ქალაქში ჭორის დონეზე იმასაც გაიგებ, წულუკიანმა „ოცნების“ დიდი საიდუმლო იცისო და ამიტომაც 6 წელი გარანტირებულად ინარჩუნებშო ადგილს.

არის თუ არა ისეთი მინისტრი, რომლის დარჩენა ახალ კაბინეტში არ გამოიწვევს პროტესტს და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, თუ წულუკიანი და გახარია ისევ დარჩებიან თანამდებობებზე?

ამ კითხვებით სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრს, თამთა შამათავას დავუკავშრდით.

თამთა, თქვენ იყავით იმ აქციების მონაწილე, სადაც წულუკიანის გდადგომის მოთხოვნა გაჟღერდა.  თუ  მინისტრთა ახალ კაბინეტში თეა წულუკიანი დარჩევა, რა იქნება არასამთავრობოების და ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯი?

-ასეთ შემთხვევაში რჩება ერთადერთი გამოსავალი. უნდა დაიწყოს ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება ვადამდელი არჩევნებისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით. რადგან ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს ადეკვატურად არ პასუხობს.

მაინც, როგორ ფიქრობთ, რატომ ინარჩუნებს წულუკიანი თანამდებობას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჰქონდა მუშაობაში ჩავარდნები?

-მიუხედავად მთელი რიგი ჩავარდნებისა, წულუკიანი ინარჩუნებს პოსტს, რადგან როგორც ჩანს აშანტაჟებს ,,ქართული ოცნების” ლიდერებს იმ უკანონო ქმედებებზე ხელის დაფარებით, რაც ხდებოდა და ხდება ოცნების ხელისუფლების პირობებში. ასევე, ცხადია, რომ წულუკიანი ივანიშვილის ფავორიტია.

მთლიანად უნდა შეიცვალოს მინისტრთა კაბინეტი თუ არიან ისეთი მინისტრებიც, რომელთა ახალ კაბინეტში დარჩენა ოპოზიციისა და არასამავრობოების პროტესტს არ გამოიწვევს?

-დღევანდელ მთავრობაში არ არსებობს არც ერთი მინისტრი, რომელსაც რაიმე ღირებული შეუქმნია ქვეყნის განვითარებისთვის. არც ერთი რეფორმა, არც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არც ერთ უწყებაში. შესაბამისად, უსაქმურები სახლში უნდა წავიდნენ. ფაქტია, რომ მინისტრები ვერ პასუხობენ ხალხის მოთხოვნებს და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან არიან სრულიად უსუსურები.

შეგახსენებთ: მთავრობის ახალი შემადგენლობა მომდევნო კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება.