“მთავრობის შემადგენლობაში ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან”

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის შემადგენლობის შერჩევა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის პრეროგატივაა და ამასთან დაკავშირებით, ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ფორმირების პროცესი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დასრულდება.

მისივე თქმით, მთავრობის შემადგენლობაში იქნება ცვლილებები, თუმცა, ამ ცვლილებების მასშტაბი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ, მთავრობის შემადგენლობის დასახელების შემდეგ გამოჩნდება.

„ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან, სულ მცირე, არის დასასახელებელი ახალი კანდიდატი ფინანსთა სამინისტროსთვის. იქნებიან, ასევე, სხვა კანდიდატები, ახალი კანდიდატები. ცვლილებები აუცილებლად იქნება მთავრობის შემადგენლობაში – ეს არის ბატონი მამუკას პოზიცია. თუმცა, რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები, ამას ვიხილავთ ჩვენ როდესაც თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.