ცაგარეიშვილი ცესკო-ს: არ დაუშვათ საარჩევნო უბნების დაკომპლექტება ოცნების აქტივისტებით!

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების’’ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად. ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსის გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა არ დაუშვან და წინ აღუდგნენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას ‘’ქართული ოცნების’’ აქტივისტებით.

-„გუშინ დამთავრდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უკვე წინასწარ ცნობილია კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა და უფრო მეტიც, წინასწარ ცნობილია საუბნო სააარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ (თავმჯდომარე, მდივანი, მოადგილე) პირთა ვინაობა, რასაც ზოგ შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ კონკურსში მონაწილე ხელისუფლების მიერ შერჩეული კანდიდატებიც არ მალავენ და ღიად საუბრობენ.

საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად, რადგანაც ქართული ოცნების ადგილობრივი საარჩევნო შტაბების მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად აპირებენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას. ქართული ოცნება ყველაფერში ბაძავს ნაციონალურ მოძრაობას და აგრძელებს მის სტილში მუშაობას.

მინდა შეგახსენოთ, თუ როგორ მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ამ რამოდენიმე თვის უკან, რასაც მოყვა პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება, როდესაც ყველა ვაკანტურ ადგილზე აირჩა ქართული ოცნების აქტივისტები, რომ საოლქო კომისიაში ჰყოლოდათ ისეთი უმრავლესობა, როგორიც შემდგომში მათ მისცემდა საარჩევნო უბნების მათი კარნახით დაკომპლექტების საშუალებას, რასაც წარმატებით ახორციელებენ.

ხელისუფლება ცდილობს გამოიყენეოს არა მარტო ადმინისტრაციული რესურსი, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსიც წარმატების მისაღწევად.

მივმართავ თხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვუწოდებ, რომ არ დაუშვან და წინ აღუდგნენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას ქართული ოცნების აქტივისტებით, რაც გამოიწვევს არჩევნებში ჩართული ყველა მხარის უნდობლობას, აზიანებს საარჩევნო გარემოს და მთლიანად ქვეყანას.

მივმართავ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო მისიებს და მედია საშუალებების წარმომადგენლებს, განახორციელონ დაკვირვება და მონიტორინგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაზე და მის დაკომპლექტებაზე’’ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარის დატოვება