ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად პარტია “საქართველო” რეფერენდუმს ითხოვს

პარტია „საქართველო“-ს თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, რომ დღეს მათ ცესკო-ს მიმართეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად რეფერენდუმის ჩატარებისთვის ხელმოწერების შესაგროვებლად სპეციალური ბლანკი მოითხოვეს. 

-საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქვეყანაში არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა გამოიწვია სამთავრობო კრიზისი, რასაც მოყვა პრემიერ მინისტრის გადადგომა, მიმდინარეობს ახალი მთავრობის დაკომპლექტება, მიგვაჩნია რომ ვინაიდან მოსახლეობის თითქმის 87%-ი ან არ იცნობს პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ან უარყოფითად აფასებს მის მუშაობას მინისტრის პოსტზე, რაც ნიშნავს რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში ხელისუფლება გააგრძელებს იგივე კურს რაც აქამდე ქონდა, კერძოდ ქვეყანაში არის უსამართლობის და დაუსჯელობის განცდა, მძიმე ეკონომიკური კრიზისი.

მიგვაჩნია რომ ვერც ეს სამთავრობო გუნდი და ვერც პარლამენტში არსებული უმრავლესობა ვეღარ გაართმევს თავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, რადგან დღევანდელი პარლამენტის უნიათობის გამო ვერცერთმა მინისტრთა კაბინეტის წევრმა ვერ შეძლო მოსახლეობის ნდობის მოპოვება, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება.

ფაქტია, რომ პარლამენტი ვერ ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს. სწორედ ამის გამო მიგვაჩნია არსებული პარლამენტი უნდა იქნას დათხოვნილი და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

გთხოვთ მოგვცეთ შესაბამისი ბლანკის ნიმუში 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შესაგროვებლად, რეფერენდუმის მოთხოვნის ჩატარების მიზნით, შეკითხვით: გსურთ თუ არა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”-წერია მოთხოვნაში.