რა უნდა ვიცოდეთ შაქრიანი დიაბეტის დროს! – ნინო ჩარკვიანი გვირჩევს…

რა უნდა ვიცოდეთ შაქრიანი დიაბეტის დროს!

რჩევები ნინო ჩარკვიანისგან-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საუნივერსიტეტო კლინიკა მედელიტის ენდოკრინოლოგი.

შაქრიანი დიაბეტი გავრცელებით მესამე ადგილზეა მსოფლიოში გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ. ძალიან სწრაფია ამ დაავადების გამოვლენის ტემპი. 2030 წლისთვის ელოდებიან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის გაორმაგებას.

შაქრიანი დიაბეტი არის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადება, რომელიც გამოწვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის, ინსულინის, აბსოლუტური ან შედარებითი ნაკლებობით. აბსოლუტური უკმარისობა გულისხმობს, რომ ინსულინი საერთოდ ვერ გამოიყოფა პანკრეასის β–უჯრედების დაზიანების გამო და ამას ვუწოდებთ დიაბეტი ტიპი 1. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა დავიწყოთ ინსულინით, რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან დაგვიანების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს კომა ანუ უგონო მდგომარეობა, რაც არ არის სასურველი. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 უვითარდებათ ბავშვებს და მოზრდილებს 30-35 წლამდე ასაკში. ახასიათებს სწრაფი და მწვავე დასაწყისი: წონაში სწრაფი კლება, ძლიერი საერთო სისუსტე, წყურვილი, გახშირებული შარდვა, აცეტონის ან დამპალი ხილის სუნი ამონასუნთქ ჰაერში. ხოლო რაც შეეხება შაქრიან დიაბეტ ტიპ 2-ს, ეს არის ინსულინის შედარებითი უკმარისობა. ამ დროს ინსულინი გამოიყოფა პანკრეასის მიერ და შესაძლებელია ნორმაზე დიდი რაოდენობით, მაგრამ მისი ათვისება არ ხდება ორგანიზმის ქსოვილების მიერ, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უჯრედი ვერ სცნობს ინსულინს და ამის გამო შაქარი ვერ მოიხმარება უჯრედის მიერ. დიაბეტის ეს ტიპი გვხდება 40 წელს ზემოთ ასაკში. ახასიათებს წონის მატება, სიმსუქნე. დაავადება იწყება დუნედ და შესაძლებელია დიაბეტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები-წყურვილი, ხშირი შარდვა, პირის სიმშრალე გამოვლინდეს რამდენიმე წლის შემდეგ.

ხშირად დიაბეტი ტიპი 2 გვევლინება უკვე გართულებულ სტადიაში. მაგალითად მხედველობის დაქვეითების გამო პაციენტი მიმართავს ოფთალმოლოგს და თვალის ფსკერზე აღმოჩნდება დიაბეტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. ასევე გარეთა სასქესო ორგანოების ქავილისა და შეწითლების გამო პაციენტი მიმართავს გინეკოლოგს ან უროლოგს და ამ დროს დგინდება შაქრის მაღალი დონე. შეუხორცებელი ჭრილობა, ჩირქოვანი გამონაყარი კანზე და სხვა მრავალი გართულება შესაძლებელია გახდეს დიაგნოზის დასმის მიზეზი. ადამიანებს , რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი-შაქრიანი დიაბეტი მემკვიდრეობით, სიმსუქნე ან ჭარბი წონა, ქალი, რომელიც შობს 4 კილოგრამზე მეტი წონის ნაყოფს, გულისა და ღვიძლის დაავადებები, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ:

კლინიკა „მედელიტში“ მოქმედებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა!

მისამართი : შანხაის დასახლება, გოგი გეგეჭკორის ქ. 3 (შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან)

ტელ: 2 144 044