საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს ზღვაში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები გახშირდა.

ამასთან დაკავშირებით, სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხალხს, დაიცვან მაშველების რეკომენდაციები და გაფრთხილება.

უწყების ცნობით, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები წყალში ნასვამ მდგომარეობაში შედიან, რაც უმეტესად ფატალური შედეგით სრულდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტატისტიკასაც აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს.

საზღვაო სეზონის განმავლობაში მოქალაქეების უსაფრთხოებას შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი იცავს. ასევე, საბანაო პერიმეტრზე დამატებით განთავსდა 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა”, – წერია სამსახურის განცხადებაში.