“ბახტაძის ვნებანი თუ მომავალი მარტვილობის დასაწყისი…”

არჩილ გამზარდია: პრემიერ მამუკა ბახტაძის მცირე წილი მთავრობაში – ბახტაძის ვნებანი თუ მომავალი მარტვილობის დასაწყისი

-სისხამ დილით წამოიჭრა დღეს პრემიერი ბრიფინგისათვის, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი გაეცნო საზოგადოებისათვის. თუ ბრიფინგის მიხედვით ვიმსჯელებთ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ როგორც დააანონსა „მცირე მთავრობა“, ისეც წარმოადგინა. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ბახტაძემ სიტყვა შეასრულა და მისი მთავრობა მართლაც მცირეა, სულ რაღაც სამი მინისტრის ოდენობით. დანარჩენი კი, როგორც იყო, ისე დარჩა.

მინისტრთა კაბინეტის წარდგენას არ მოჰყოლია არც ფოიერვერკი, არც შუშხუნები, ისე… თავისებურად მოწყენილ პრეზენტაციას ჰგავდა. საზოგადოების გაპროტესტებული ეგრედ წოდებული ძალოვანი უწყებები იგივე დარჩა, სხვაც ბევრი.

პრემიერი კვირიკაშვილი შეცვალეს და პრემიერმა ბახტაძემ ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებული გვქონდაო, ეს ჯერ კიდევ წინა ხანებში თქვა; დღეს დაუმატა, კახი კახიშვილი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში მისი ადგილი არ იყოო. ასე უცნაურად და პარადოქსულად გამოიხატება ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც ხელახლა იქნება დასამტკიცებელი ამ დღეებში თავის ძველი, ტექნიკური მთავრობიანად.

საპარლამენტო უმრავლესობა კი, როგორც ყოველთვის, კითხვების გარეშე კმაყოფილებას გამოხატავს, ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას სულაც ახასიათებს ზემიამიტი ხასიათი, ვისაც სთავაზობენ, ყველა შესანიშნავი რომაა და ყველასგან რომ განსაკუთრებულ წარმატებას ელიან, შეკითხვები „ქართული ოცნების“ უმრავლესობას ზოგადადაც არ ახასიათებს.

დღევანდელ ხელისუფლებაში ყველაფერი პრაქტიკულად რიტუალია, მთავარი პროკურორის შერჩევაც, ტექნიკური მთავრობაც, არატექნიკური მთავრობაც. იმდენად სიმბოლურია ქართულ ოცნებაში პიროვნებები, პროცესები, ფორმალური და რიტუალურია „ქართული ოცნება“, რომ თავისუფლად შეუძლიათ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიის ნაცვლად რელიგიურ კლუბად აქციონ… არც იმის გამოცნობა იქნება რთული, ვის ეთაყვანებიან „ქართულ ოცნებაში“, მმართველი ძალის წევრებს თავის ღმერთი ნამდვილად ჰყავთ, რიტუალებსაც აღასრულებენ და თუ საჭირო ხდება, მსხვერპლსაც სწირავენ ხოლმე.

სიტუაციამ მოიტანა და ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ფარული ომები პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ, გამოაშკარავდა. ეს ერთი თითქოსდა უწყინარი და დინჯი პრემიერი, სინამდვილეში სოლიდური მაფიოზიც კი აღმოჩნდა, თავის ქსელიანად, რომელშიც ვიცეპრემიერი ქუმსიშვილი და მინისტრი ალავიძეც შედიოდა სხვებთან ერთად. ახლა ჯერი იმაზეა, ეყოფა თუ არა უნარი მმართველ ძალას, თავისი მაფიოზები გამოაშკარავოს და შესაბამისი პირები ბრალდებულის სკამზეც მოათავსოს. ეს ახალი მთავარი პროკურორისთვის ერთგვარი გამოწვევაც იქნება.

არრა რა არის, რაც არ განცხადდეს, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად სათამაშოების ნაკრები გახდა, რომლითაც თავადვე ერთობიან კოლექტივის წევრები, თავადვე არ ცნობენ ერთმანეთს, თავადვე დასცინიან ერთმანეთს და თავადვე ცდილობენ, ერთმანეთი, ასე ვთქვათ „მოტეხონ“, თუ კი რაიმე მომხვეჭელობის შანსი გაუჩნდებათ.

პრემიერ ბახტაძის სამიოდე კადრი და პრემიერ ბახტაძის მცირე მთავრობა, რამდენ ხანს გასტანს და როგორ დასრულდება ჯერ კიდევ დასამტკიცებელი მინისტრთა კაბინეტის სასიცოცხლო ციკლი, არავინ იცის, ისევე, როგორც ის, გახდება თუ არა პრემიერ მამუკა ბახტაძის მცირე წილი მთავრობაში მისი მომავალი მარტვილობის დასაწყისი.