თუ სახელმწიფო სამართლის საქმეებს ვერ მოაგვარებს, ნებისმიერი სხვა საქმეც უიმედოდ დარჩება!

გია მურღულია

საგამოძიებო კომისიის სხდომას ვუყურებ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახელმწიფო ბრალდების კულტურა საქართველოში შესაძლოა უკიდურესად დაბალ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს.

პროკურატურის წარმომადგენლები:

1. ძალიან დაბნეულად გამოიყურებიან;

2. სახეზე პირდაპირ აწერიათ, რომ რაღაცის დამალვას ან რაღაცისგან თავის დაძვრენასა და “მშრალად გამოსვლას” ცდილობენ;

3. არაფრით სურთ დასმული შეკითხვების ლოგიკის აღქმა, რაც გონიერების ან ზნეობის პრობლემასთან გვაახლოებს;

4.აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საარაკო არაკომპეტენტურობასთან (რისი დაჯერებაც ერთობ სათუოა) ან არასამსახურებრივ მოტივაციასთან;

5. ვერაფრით ასაბუთებენ საკუთარსავე პასუხებს – საკმარისია, პირველ კითხვას მეორეც მოჰყვეს, რომ მოპასუხე საეჭვოდ იბნევა და თითქოს დაზეპირებულ სიტყვებს იმეორებს, რომელიც პირველი კითხვის პასუხადაც არ ვარგა და მეორეს საერთოდ არ შეესაბამება.

აღარ გავაგრძელებ – ძალიან სევდიანი და სამწუხარო გასაგრძელებელია ამაზე ლაპარაკი. ერთი კი უნდა ითქვას: სრული განცდაა, რომ არ არსებობს ადამიანური და პროფესიული ეთიკის არც ერთი პუნქტი, რომელიც ამ საქმის გამოძიებისას არ იყოს დარღვეული.

ჩვენ ყველას, საზოგადოების უდიდეს ნაწილს, გამოკვეთილად უკეთესის მოლოდინი გვქონდა. რასაც ახლა ვუყურებთ და ვუსმენთ, ამ “უკეთესობის” ნიშნებს ნამდვილად არ შეიცავს.

მოკლედ, ვითარება ასეთი გვაქვს:

1. კრიმინალმა შეიძლება დანაშაული (მათ შორის უკიდურესდ მძიმეც) ჩაიდინოს – ეს ყოველთვის იყო და, სამწუხაროდ, მომავალშიც მოხდება;
2. ძალიან ადვილი შესაძლებელი ყოფილა, დაიმალოს და მიიჩქმალოს, თუ ვინ და რა ვითარებაში ჩაიდინა ეს დანაშაული – გამომძიებლები (საკუთარი ინიციატივით ან ვინმეს დავალებით თუ იძულებით) უბრალოდ არ გამოიძიებენ ამ საქმეს. საქართველოში ამგვარი ქცევა, საუბედუროდ, დღემდე “სიკეთედ” და “ვაჟკაცობად” მიიჩნევა (თუმცა საგამოძიებო კომისიის წინაშე ამ “ვაჟკაცობის” ნიშანწყალიც არ ჩანს და წინა პლანზე გამოდის პრინციპი: “სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს”);
3. ასევე შესაძლებელია საგამოძიებო მოქმედებები დროულად არ დაიწყოს და დამნაშავეებსა თუ მათ ხელშემწყობებს ნება დაერთოთ, გაანადგურონ ყველა სამხილი ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი;
4. ჩვენს საზოგადოებაში პირდაპირ “მძვინვარებს” კლანური ცნობიერება და აქტიურად მოქმედებს ე.წ. “ომერტას” პრინციპი – დადუმდი და არ ითანამშრომლო გამოძიებასთან. ამის კლასიკური მაგალითია ის პერსონაჟი, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილზე იმყოფებოდა და არც არაფერი დაუნახავს და არც არაფერი გაუგონია.

მოკლედ, იხატება ნათელი სურათი იმისა, რომ სიმართლეს დღის სინათლის ხილვის ერთი შანსიც კი არ აქვს.

აი, ასეთი “დილიხორი” გვაქვს!

ახლა მთავარი კითხვაც უნდა დავსვათ:

ხომ არ არის ეს სისტემური მოვლენა და, ამნაირ ვითარებაში, ათიდან რამდენ შემთხვევაში და ვინ დაიცავს წესიერი მოქალაქის უფლებებსა და სიცოცხლეს?

გვაქვს კი გარანტია, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ასე არ მოექცევიან?

დღეს ეს ამბავი ხელისუფლების უმთავრესი გამოწვევაა და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ყველა დამნაშავე (უკლებლივ!) გამოავლინოს და კანონიერად დასაჯოს.

თუ სახელმწიფო სამართლის საქმეებს ვერ მოაგვარებს, ნებისმიერი სხვა საქმეც უიმედოდ დარჩება!