„ჩვენთვის მთავარია არა სახელები და გვარები, არამედ ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული”

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ვითარების არსებითად გაუმჯობესება სასამართლო სისტემაში და ეს ამოცანა არის დღეს შესრულებული

„ჩვენთვის მთავარია არა სახელები და გვარები, არამედ ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არავის არ შეეფარდოს სასჯელი უსამართლოდ, სწორად გადაწყდეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები და ამ კუთხით, ჩვენ სტატისტიკაში გვაქვს რადიკალური გაუმჯობესება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ, სასამართლო სისტემაში დღეს რადიკალურად განსხვავებული ტენდენციაა.

“ჩვენთვის მთავარია, სისტემა მუშაობდეს გამართულად, ფუნქციონირებდეს გამართულად, არ იყოს კითხვის ნიშნები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და ტენდენცია იყოს პოზიტიური. ამას ჩვენ ვაკვირდებით გასული ექვსი წლის განმავლობაში. თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე. ხელისუფლების ეს შტო იყო მთლიანად დაქვემდებარებული აღმასრულებელ ხელისუფლებას, იუსტიციის სამინიტროს, კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრს. ერთი კაცი მართავდა მთლიანად სისტემას. ამის შემდეგ, ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ტენდენცია. დღეს სასამართლო არის არსებითად დამოუკიდებელი, მუშაობს ეფექტიანად, რაც არის ასახული შესაბამის სტატისტიკაში. ეს არის ჩვენთვის მთავარი. ჩვენთვის მთავარია არა სახელები და გვარები, არამედ ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არავის არ შეეფარდოს სასჯელი უსამართლოდ, სწორად გადაწყდეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები და ამ კუთხით ჩვენ სტატისტიკაში გვაქვს რადიკალური გაუმჯობესება. აქ არ არის საუბარი მცირე პროგრესზე, აქ არის საუბარი ფუნდამენტურ და რადიკალურ პროგრესზე, რაც არის დადასტურებული სტატისტიკური მონაცემებით. და, გარდა სტატისტიკისა, ადამიანებსაც აქვთ შეხება სასამართლო სისტემასთან და ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ სასამართლოში პროგრესი არის ნამდვილად ფუნდამენტური“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, „როდესაც საუბარია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, იქ შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული მოსაზრებები.“

ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდე, სასამართლო სისტემა მთლიანად დისკრედიტირებული იყო და როდესაც სისტემა არასწორად მუშაობს, ეს პირდაპირ აისახება ზოგადად, კორპუსის და კონკრეტული მოსამართლეების რეპუტაციაზეც.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საბჭოს პასუხისმგებლობაა სასამართლო სისტემაში პროცესების მართვა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა იყო სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების არსებითად გაუმჯობესება და ეს ამოცანა შესრულებულია.