მასწავლებელთა 2018 წლის ბოლო საგამოცდო დღეს აპლიკანტთა 36% არ გამოცხადდა

2018 წლის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველეთა გამოცდები დღეს სრულდება. პედაგოგთა გამოცდების ბოლო დღეს ისინი გამოცდებს ფიზიკაში, მუსიკაში, ქიმიაში, სპორტსა და გამოყენებით ხელოვნებაში აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული მასწავლებლებიდან და მასწავლებლობის მსურველებიდან აპლიკანტების დაახლოებით 36%  გამოცდაზე არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდაზე ყველაზე მეტი აპლიკანტი დაწყებითების გამოცდაზე დარეგისტრირდა, ყველაზე ცოტა კი, ტრადიციულად, ფრანგული ენის გამოცდაზე. პროფესიული უნარების გამოცდას კი, რომელიც გასული წლიდან ისევ ტარდება, 10 028 აპლიკანტი ჩააბარებს. პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება მხოლოდ მოქმედ პედაგოგებს აქვთ, მათ, ვისაც ეს გამოცდა გასულ წლებში არ ჩაუბარებია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჯამში მასწავლებელთა გამოცდაზე  დაახლოებით 28 000 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი უკვე მოქმედი მასწავლებელია, რომელთაც კომპეტენციის დადასტურება სურთ, ნაწილი კი პროფესიაში შესვლის მსურველი. ისინი გამოცდებს 23 ივლისს დაასრულებენ.

წყარო

edu.aris.ge