მშობლებო, ყურადღება! ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდა!

საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელთა დამატებით რეგისტრაციას აცხადებს.

2018-2019 სააღმზრდელო წლებისთვის, დამატებითი რეგისტრაციის მიზნით, განცხადებების მიღება საბავშვო ბაღებში 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება:

1. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;

2. დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);

3. ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;

4. სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);

5. იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;

6. სხვა დანარჩენი განცხადებები.

რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ, ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება; სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.

განაცხადების მიღება სასურველ ბაგა-ბაღში იწარმოებს, საიდანაც მათი გადაგზავნა ბაღების მართვის სააგენტოში მოხდება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება.