ჩეხეთის პარლამენტმა 1968 წლის მოვლენები სსრკ-ს მხრიდან ოკუპაციად აღიარა

ჩეხეთის პარლამენტმა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნების ჯარების შესვლა ტერიტორიაზე შეჭრად და ოკუპაციად შეაფასა. ჩეხეთის პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების მიზანი ისტორიის დამახინჯებისგან დაცვა იყო.

დოკუმენტის ინიციატორები ქრისტიან-დემოკრატები არიან. მათი განმარტებით, რეზოლუცია გახდება “მკაფიო გზავნილი სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის“.

1968 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა ჯარებმა ჩეხოსლოვაკიის საზღვარი გადაკვეთეს. ოპერაციაში მონაწილეობდნენ სამხედრო პირები პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან. ქვეყანაში საბჭოთა ჯარების შეყვანის მიზანი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის მაშინდელი ხელმძღვანელების მიერ ინიცირებული რეფორმების შეჩერება იყო.

საბჭოთა საჯარისო კონტინგენტი ჩეხოსლოვაკიაში 1991 წლამდე იმყოფებოდა. ამ 23 წელს ჩეხეთში ოკუპაციის პერიოდად მიიჩნევენ, თუმცა ჩეხი კომუნისტები ამ ტერმინის გამოყენებას ერიდებიან. მათი ლიდერი ვოიტეხ ფილიპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარების შეჭრაში პასუხისმგებლობის რუსეთზე გადატანა არამართებულია, რადგან საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში მაშინ უკრაინელები დომინირებდნენ.

წყარო: radiotavisupleba.ge