აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ცესკომ კრწანისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ფეტვიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ეს გადაწყვეტილება ცესკომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

27 აგვისტოს მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა გადადგომის შესახებ წერილით ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მიმართა.

რაც შეეხება თავად ჩანაწერებს, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ისინი ცესკომ გამოითხოვა, თუმცა ჯერ არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ  27 აგვისტოს მოძრაობა “ძალა ერთობაშიამ” ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდა.

როგორც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში განაცხადეს,  თამარ ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაცია “ქართული ოცნების” პარტიული აქტივით შეავსო, რაც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

საზოგადოებას ახსოვს, რომ  ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა ვიდეომასალა, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს აკომპლექტებს, ამასთან საოლქო კომისიებს სიებს აწვდის და მათთან პირდაპირ კონტაქტზეა.

“ძალა ერთობაშიას” მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენას მესამე სექტორი ითხოვს.