“ყველაზე შთამბეჭდავი დღე, დავესწარი მაკკეინისადმი მიძღვნილ საპატიო ცერემონიალს”

თამარ ჩუგოშვილი: დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დღე იყო. დავესწარი სენატორ მაკკეინისადმი მიძღვნილ საპატიო ცერემონიალს და პირველად მქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მომესმინა პრეზიდენტ ობამას, პრეზიდენტ ბუშის, ჰენრი კისინჯერის, სენატორ ლიბერმანის და სხვა უდავოდ დიდი ადამიანების გამოსვლებისთვის.

ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა აქცია ერის გაერთიანების შესაძლებლობად, მაშინ როდესაც ამერიკა ისეთი პოლარიზებულია, როგორც არასდროს. მან თანაბარი პატივისცემა გამოხატა, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მიმართ. მთავარი სიტყვა საკუთარ დაკრძალვაში ათქმევინა ადამიანებს, რომლებთანაც მთავარი ბრძოლა წააგო და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.

მას 5 წელი აწამებდნენ ვიეტნამში, თუმცა მან შეასრულა მთავარი როლი ამერიკას და ვიეტნამს შორის ურთიერთობის მოწესრიგებაში.

მოგვიანებით კი, მიღებაზე, კიდევ ერთხელ მოვისმინე, როგორ უყვარდა საქართველო, როგორ დაეხმარა ჩვენს მსგავს ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაში და როგორ ცდილობდა ჩვენც დაგვხმარებოდა.

ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავში ადიოდა, ითხოვდა გზად საქართველოში გამატარეთო, მაშინაც კი, როცა სრულიად სხვა მიმართულებით მიდიოდნენ.

მისი მთავარი ფრაზა იყო, რომ საკუთარი თავი უნდა შესწირო რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თავად ხარ.

ამ დღეებში მთელი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, დემოკრატები არიან თუ რესპუბლიკელები, თანაბრად გლოვობს გმირის დაკარგვას. მასთან ერთად ეპოქა დასრულდა. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.​