„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროქტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სტაჟირების ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირების საკითხებს შეეხება.

 

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიციატორიც არის  საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“, სხდომაზე ფრაქციის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა წარმოადგინა.

 

პროექტის თანახმად, დგინდება სტაჟირების ზოგადი ცნება და მისი საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძვლები. კერძოდ დგინდება, რომ სტაჟირება შეიძლება იყოს ანაზღაურებადი, ასევე უნდა იყოს ვადიანი და ასევე, სტაჟირების წესს უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტული სახელმწიფო ორგანო ან კონკრეტული დაწესებულება, რომლის ფარგლებშიც ხდება ამგვარი საქმიანობის განხორციელება.

 

ცვლილებების თანხმად, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმად სტაჟირების გავლის წესს განსაზღვრავს შესაბამისი უწყება ან დაწესებულება. ამავე მუხლით განისაზღვრება სტაჟირების ვადები და ასევე სტაჟირების გავლის დამდასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხები.

 

შემოთავაზებული პროექტი ითვალისწინებს, რომ სტაჟირების ვადა ჩაითვალოს საჯარო სამსახურის საერთო სტაჟში.

კომიტეტმა პრინციპების დონეზე, სტაჟირების ანაზღაურებასთან და სხვა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით,  მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიას წარმოადგინა.

 

შემოთავაზებული ცვლილებები, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ითვალისწინებს პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის განმტკიცებას არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არამედ წინსახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც მოიცავს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით.

კანონპროექტით განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება, მიაწოდოს ინფორმაცია კანდიდატს პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დებულებების თაობაზე. ცვლილებები, ასევე შეეხება პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის მიზნით სოციალური დიალოგის განვითარებასა და ხელშეწყობას ყველა დონეზე.

 

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების თაობაზე და დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით თანაბარი მოპყრობის ზოგადი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ ევროსაბჭოს შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებს.

 

კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი ითვალისწინებს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ჩამონათვალში ახალი ნივთიერებების დამატებას.

 

კანონპროექტი მომზადდა იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს ,,ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის კონვენციის და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის და „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1988 წლის კონვენციის გადახედვის შედეგად, თანდართულ სიებს დაემატა რამდენიმე ნივთიერება, კერძოდ:

 

  1. „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის კონვენციის №1 სიას („ყვითელი სია“) დაემატა: BUTYRFENTANYL და U-47700;
  2. „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის N2 სიას („მწვანე სია“) დაემატა: 4-METHYLETHCATHINONE, 5F-APINACA, XLR-11, ETHYLONE, ETHYLPHENIDATE, PENTEDRONE, METHIOPROPAMINE და MDMB-CHMICA;
  3. გაეროს 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციის თანდართული სიის (წითელ სია) N1 ცხრილს დაემატა: 4-Anilino-N-phenethylpiperidine და N-Phenethyl-4-piperidone (NPP).

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პროკურატურის შესახებ“  ახალი კანონის შემუშავებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ორი საკანონმდებლო წინადადება განიხილა.

მოქალაქეების: ლაშა ტუღუშის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ნათია კუპრაშვილის და ზვიად ქორიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით იცვლება საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი შექმნის წესი.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ეხება საპროკურორო საბჭოს შექმნის წესში ცვლილებას.

კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები „პროკურატურის შესახებ“ კანონზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში იყოს გადატანილი და იქ მოხდეს მათი განხილვა.