მიქაია ხასაიას მუქარაში ადანაშაულებს- “მუქარის სიტყვები უკავშირდება პირდაპირ არჩევნებს!”

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მომუშავე პოლიციელი და „ზონდერი“ ზაზა ხასაია მის მიმართ სიტყვიერ დაპირისპირებასა და მუქარაში დაადანაშაულა. მიქაიას თქმით, გუშინ, 25 აგვისტოს, ქალაქის ცენტრში ავტომანქანით გადაადგილებისას ხასაიამ შეურაცხყოფა მიაყენა უცენზურო გამონათქვამებით. ფიზიკური დაპირისპირება კი, რომელიც კახა მიქაიას განმარტებით ხასაიას სურდა, „ზონდერის“ მეგობრებმა არ დაუშვეს და აღკვეთეს. „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ზაზა ხასაია მას შემდეგი სიტყვებით დაემუქრა – „მალე მოვა დრო და მე შენ შეგჭამ და გაგანადგურებ“.

მიქაიას ინფორმაციით, ხასაია როლანდ ახალაიას და მეგის ქარდავას „მარჯვენა ხელია“, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სააკაშვილის და ახალაიას მიერ დაგეგმილ აქციებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ცდილობდა მუშაობა პოლიციაში განეგრძო, დაინიშნა კიდეც, თუმცა მისი და ჟურნალისტ ნანა ფაჟავას პროტესტის და წინააღმდეგობის შემდეგ გაათავისუფლეს.

„ეს მუქარის სიტყვები უკავშირდება პირდაპირ არჩევნებს. მე ვფიქრობ, მას ალბათ იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ დაბალი რეიტინგის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს არჩევნებში და ის და მისი მეგობრები შურს იძიებენ ჩემზე. სანდრა რულოვსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებამ მათ გამარჯვების იმედი ჩაუსახა. მაგრამ რულოვსის ცინიკურ დაპირებას, რომ აწი ძალადობა არ იქნება, ხასაიას მუქარამ საფუძველი გამოაცალა“, – აღნიშნა მან.

კახა მიქაიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს „სიამის ტყუპებივით“ დაემსგავსნენ, რისი მაგალითიც კორცხელის მოვლენებია. მან მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას, სამხარეო პოლიციის უფროს გიგა ზესაშვილს და სამმართველოს უფროს კობა ხარებავას, რომ თუ კიდევ ერთხელ განმეორდება ზაზა ხასაიას მხრიდან მისი და მისი მეგობრების მიმართ მსგავსი მუქარა და ძალადობა, პასუხისმგებლობას მათ აკისრებს.

წყარო: livepress.ge

კომენტარის დატოვება