აუცილებლად უნდა იცოდეთ – ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

თამთა მეგრელიშვილი

ინკლუზიურ განათლებაზე,სწავლის უნარის დაქვეითებასა და გონებრივ შეზღუდვაზე გვესაუბრება წარმატებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი და ბავშვებზე უზოზმოდ შეყვარებული ფსიქოლოგი  მარიამ ჩიბუხაშვილი.

-განგვიმარტეთ რას ნიშნავს ინკლუზია და რა არის მისი მიზანი?

-განათლების სისტემაში გაჩნდა ახალი ცნება ინკლუზიური განათლების სახით – ეს არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის თუ მოზარდის ხარისხიან განათლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა მახასიათებელი გააჩნია.

ნკლუზიის უფლებების ბაზისია სალამანკას დეკლარაცია სადაც ხაზგასმულია რომ “განათლება არის საჯარო სარგებელი და ადამიანის არსებითი უფლება, რომელიც არ ითვალისწინებს გამონაკლისებს.”

„ეს არის საშუალება გაანალიზო / განახორციელო მაღალი ხარისხის განათლების უფლება დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარი შესაძლბლობებით.”

ანუ ინკლუზია ეფუძნება ეთიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პრინციპებს. რომლის უმთავრესი მიზანია განათლების მიცემა ყველასთვის, მიუხედავად პირის ინდივიდუალური,თანდაყოლილი თუ შეძენილი საჭიროებებისა შესაბამისად, ინკლუზია პოტენციურად ვრცელდება თითოეულ ჩვენგანზე.

-გახშირდა შემთხვევები როდესაც ბავშვს უქვეითდება სწავლის უნარი, როგორ ახსნიდით ამ შემთხვევას?

-მართლაც გახშირდა ამგვარი მომართვები და პრაქტიკამ ცხადყო, რომ ამ სახის დარღვევა ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ ნერვული სისტემის დისფუნქციას უკავშირდება.

-რა სახით ვლინდება სწავლის უნარის დაქვეითება?

-ბავშვების გარკვეული კატეგორია, სწავლებისას აწყდება პრობლემებს როგორიცაა:წერა-კითხვის და არითმეტიკის ათვისება. ასევე ბავშვს აქვს დარღვევა ერთ ან რამდენიმე ბაზისურ ფსიქიკურ პროცესში, რომელიც საფუძვლად უდევს ზეპირი და წერითი მეტყველების გაგებას და გამოყენებას, აგრეთვე ვლინდება მოსმენის, აზრის გამოთქმის, წერის, კითხვის, არტიკულაციის, თვლის სიძნელეებიც.

რა არის ამ დაავადების მიზეზი?

-სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი ბიოლოგიური ხასიათისაა. კერძოდ გარემოს მავნე ზემოქმედება გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის სწორ განვითარებაზე და საბოლოოდ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დეფიციტში ვლინდება

როგორ შეიძლება ამ დაავადების მკურნალობა?

-პირი ამ შემთხვევაში საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას,ასევე ფიზიკურ ვარჯიშებს, სპეციალური პედაგოგიურ თუ ფსიქოლოგიურ დახმარებას.ხდება ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასება შემდეგ აუცილებელია მშობლებს და მასწავლებლებს მიეწოდოს ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე გაეწიოს ფსიქოლოგიური კონსულტაცია .მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ჩვევების თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი ერთობლივად,კომპლექსურად მუშაობენ. მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია; იგი მთლიანად მოიცავს ბავშვის სწავლას, თამაშს, ცხოვრებას. ნუ დახარბდებით დაპირებებს სწრაფი განკურნების შესახებ: სპეციალური მასაჟებით, დიეტით, სუნთქვითი თუ ფიზიკური ვარჯიშებით, ვიტამინებით და ა.შ.

რას ურჩევდი ამ სახის გამოკვეთილი პრობლემების მქონე ბავშვების მშობლებს?

-ჩემი, როგორც ფსიქოლოგის თხოვნაა არ შეეცადოთ თვითნებურად, ექიმის და ფსიქოლოგის კონსულტაციის გარეშე “სწრაფი” მკურნალობის მეთოდების გამოყენებას რისი მახინჯი პრაქტიკაც საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს.

– ხომ არ გაიხსენებთ რაიმეს თქვენი პრაქტიკიდან?

-წლების განმავლობაში ვმუშაობ თბილისის N76 ბაგა-ბაღში ფსიქოლოგად.ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებაში მქონდა ასეთი შემთხვევა-მოიყვანეს ბავშვი, რომელსაც ჰქონდა გაძნელებული მეტყველება და გართულებული ჰქონდა ადაპტაციის პრობლემა. მოხდა ამ ბავშვის უნარების შესწავლა სხვადასხვა სპეციალისტების მიერ და მულტიდისციპლინარული ჯგუფის მუშაობის შედეგად, ბავშვი არის შეცვლილი და მისი ფუნქციური უნარები გაუმჯობესდა მკვეთრად. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროულად ჩარევას და მხარდაჭერას, ასევე მინდა გვესმოდეს, რომ ბაღი არის ფუნდამენტი სადაც ბუნებრივად ვითარდება ბავშვის დამოუკიდებლობა და უნარ-ჩვევები ამიტომ ჩვენ ფსიქოლოგები,მასწავლებლები და მთელი პერსონალი უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენი დამოკიდებულების,სწორი დამოკიდებულებისა და პასუხისმგებლობის არსებობის აუცილებლობას. დღეს საზოგადოების უმრავლესობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ავლენს ამ საკითხის მიმართ, სიბრალულის თვალით უყურებს ამ ბავშვებს რომელთაც აქვთ სიცოცხლის, თავისუფლების, საზოგადოებაში ყოფნის, და წარმატებებისკენ სწრაფვის უფლება და პოტენციალი. მათ არ სჭირდებათ შეცოდება, არამედ სჭირდებათ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, მხარდაჭერითი მიდგომები და ადაპტირებული გარემო. მთავარია დროულ და სწორ ჩარევას დაუმატოთ სიყვარული!

კომენტარის დატოვება