პარტია „საქართველო“ მედიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

პარტია „საქართველო“ თამარ ჟვანიას მიმართავს და აცხადებს, რომ ხდება მათი პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი ლილუაშვილის დისკრიმინაცია მედიის მხრიდან.

– ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ჟვანიას

ქალბატონო თამარ!

როგორც მოგეხსენებათ ჩვენს მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა წარმატებით გაიარა რეგისტრაცია.

ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ითვლება არაკვალიფიციურ სუბიექტად. მიუხედავად იმისა რომ, არსებობის მცირე დროში გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ და არის მზარდი პოლიტიკური ორგანიზაცია.

ასევე შეგახსენებთ, არაკვალიფიციური კანდიდატები არიან საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელებული ყველა კანდიდატი, იმისდა მიუხედავად თუ ვინ უჭერს მათ მხარს და სარგებლობენ ისეთივე უფლებებით როგორითაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია.

მიუხედავად ამისა სამწუხაროდ სახეზეა აშკარა დისკრიმინაციის ფაქტები მასმედიის მხრიდან, როდესაც ხდება ჩვენი კანდიდატის გიორგი ლილუაშვილის დისკრიმინაცია და არ ხდება მისი გაშუქება არამცთუ არასაკმარისად და არაჯეროვნად, არამედ საერთოდ იგნორირებულია იგი. რასაც ვერ ვიტყვით არაკვალიფიციურ კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილზე რომელიც ყოველდღიურად არ ჩამოდის თითქმის ყველა სატელევიზიო ეთერიდან, მიუხედავად მისი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა აშკარა დისკრიმინაციის ფაქტები ჩვენი კანდიდატის მიმართ და გთხოვთ დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები და აღმოფხვრათ მსგავსი განუკითხაობა როგორც კერძო რადიო-ტელეკომპანიებისა და სააგენტოებისაგან ასევე საზოგადოებრივი ტელე მაუწყებლობის მხრიდან!

ვიმედოვნებთ აღნიშნული საკითხი დროულად და ჯეროვნად გადაწყდება და მიეცემა ჩვენს კანდიდატს გიორგი ლილუაშვილს საშუალება მიმართოს საზოგადოებას და გააცნოს საარჩევნო პროგრამა სრულფასოვნად და ჯეროვნად.

გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ ბატონ გიორგი ლილუაშვილს 42 150 (ორმოცდაორი ათას ას ორმოცდაათმა) ამომრჩეველმა მისცა ლეგიტიმაცია ყოფილიყო პრეზიდენტობის კანდიდატი და მისცემოდა საშუალება საზოგადოებისათვის წარმოედგინა საკუთარი თავი და საარჩევნო პროგრამა“-ნათქვამია განცხადებაში.