ვერდიქტი – “საქართველოს დიპლომატთა კლუბი” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს დიპლომატთა კლუბი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ “2008 წლის ომის დროს საქართველოს საელჩოები დადუმებულები იყვნენ”.

ქალბატონი ზურაბიშვილისგან არახალია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული მავნებლური და რაც მთავარია აბსოლუტური სიცრუის შემცველი განცხადებები. სხვა გარემოებებში, ამჯერადაც შევიკავებდით თავს საპასუხო განცხადებისგან. თუმცა, იძულებულნი ვართ გამოვეხმაუროთ მისი დღევანდელი სტატუსის – მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატობის გათვალისწინებით.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ქალბატონმა ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს მიაყენა დაუმსახურებელი და სასტიკი შეურაცხყოფა. ჯერ ქართული ჯარი შერაცხა “მძინარე ცხინვალის დამბომბველ მკვლელებად” და დღეს ქართული დიპლომატია შეაფასა “ომის დროს დადუმებულ იმპოტენტებად”.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით გამოუტანოს მისი ვერდიქტი პოლიტიკოს ზურაბიშვილს 28 ოქტომბრის არჩევნებზე. იმავდროულად კი მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ქვეყნისა და დიპლომატიური სამსახურის წინაშე აკისრია ვალდებულება საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე” – ნათქვამია “საქართველოს დიპლომატთა კლუბის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს, განაცხადა –  “2008 წლის ომის დროს საქართველოს საელჩოები დადუმებულები იყვნენ”.