„ რუსეთი ყველა სახელმწიფოს აღიქვამს მხოლოდ მტრად ან მონად! ოკუპანტი მონსტრია! ამიტომ…“

რუბრიკა

მე, მოქალაქე…

გიორგი ტიგინაშვილი

-ბოლო დროს შევჩენკოს, სალავიოვსა და დუგინს, რომ ვუსმენ, შეგნებულად “თბილ, პერსპექტიულ და მეგობრულ” კონტექსტში იხსენიებენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ერსა და ჩვენთან ერთად გატარებულ საბჭოურ 70 წელიწადს. ერთმორწმუნეობის რელიგიურ ასპექტებზეც გადააქვთ აქცენტი, რითაც გამიზნულად ახალ ტრენდს აყალიბებენ, რათა ამ შეფარულ სატყუარას ქართული საზოგადოება აჰყვეს, “საერთო მტერს”- აშშ-ს გაემოჯნოს და მზერა ჩრდილოეთისაკენ მიმართოს. ჩემი აზრით რუსების ნდობა, რომ არაფრით არ შეიძლება, ეს ჯერ კიდევ პოსტგეორგიევსკის ტრაქტატის პერიოდმაც ცხადლივ აჩვენა. უტიფრობა ის არის, როცა სომხურ ლობს ასე აპარპაშებენ და ქართველებს “აგრესორებად” მოგვიაზრებენ აგერ უკვე რამდენი წელია, მათ პროპაგანდისტურ ტელეარხებზე.

მე პირადად ნეოლიბერალურ ევროპასაც სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა კონსერვატიზმის აღმავალი ტენდენციების იმედი ნამდვილად მაქვს, რაც უკვე გამოიკვეთა კიდეც ბებერი კონტინენტის არაერთ სახელმწიფოში. ყველაზე მეტად კი ტრამპის ადმინისტრაციის მჯერა, რომელიც ევროპის გამოფხიზლებას ცდილობს და რომელსაც იგივე მტერი ჰყავს, ვინც ჩვენ – ჯორჯ სოროსი და მისი მოკავშირე ტრანსნაციონალური კორპორაციები.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ერთსახოვანია, ანუ ოკუპანტი, დამპყრობელი და ძლევის მანიით შეპყრობილი მონსტრია. შეხედეთ მის მოკავშირეებს: ირანი, თურქეთი, პალესტინა, ჩრდ. კორეა, ინდოეთი, კუბა, ვენესუელა, ნაურუ, ვანუატუ, სირია – ყველა დაქცეული, დიქტატორული, ღარიბი და განუვითარებელი სახელმწიფოა, ამიტომ არ დაიჯეროთ, რომ რუსეთი თუ მიგვიმხრობს – განგვავითარებს! ეს არის კრემლის ტექნოლოგიური ხრიკი და ტრადიციული ნარატივი, რომლისაც ზოგს ძალიან გულწრფელად სჯერა. რუსეთი ყველა სახელმწიფოს აღიქვამს მხოლოდ ორნაირად: მტრად ან მონად! სხვანაირად მას არ შეუძლია. ფაქტები ჯიუტია!

ჩემი აზრით, რაც უფრო მოვწყდებით რუსეთს, თუნდაც ევქარისტიული კავშირის გაწყვეტით, მით მალე დავასრულებთ ამ რენეგატულ მეხუთე კოლონას და გავთავისუფლდებით მართლმადიებლობის სახელით არსებული შანტაჟისა და წნეხისაგან.

ახლა ყველაზე მთავარია ტრამპი შემოვირიგოთ… ჩვენ უნდა გავხდეთ აშშ-ს ისეთი მოკავშირე, როგორც სამხ. კორეა, იაპონია და ისრაელია!