ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს, რომ მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა.

თანამდებობა დატოვა გიორგი ჩიქოვანმა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტზე ენერგეტიკულ მიმართულებას კურირებდა.

ნათია თურნავა  ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ კახა ბენდუქიძის მინისტრობის პერიოდშიც მუშაობდა, 2013 წლიდან კი ის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ამ პოსტის დაკავებამდე, იგი 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა კერძო და საჯარო სექტორებში.

მისი სამუშაო გამოცდილება, ასევე, მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური (1999 წ.), თბილისის საკრებულო (1998-2000 წწ.), სახელმწიფო კანცელარია (1997-1998 წწ.).