„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები დიდუბის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს დიდუბის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ სრულიად საქართველოს დამდეგი მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის გაძლიერება, გამთლიანება და ერთიან, მშვიდობიან, ბედნიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, სადაც ყოველთვის  პრობლემას წარმოადგენდა მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა.  იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აკლია ჩვენს დედაქალაქს და მითუმეტეს, წერეთლის გამზირს „მწვანე ფილტვები“, უპირველესი ამოცანა თბილისის დეპუტაციისა, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს პარლამენტში,  იქნება ის, რომ დედაქალაქის მერიასთან, საკრებულოსთან, გამგეობებთან ერთად, იმუშაოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე ადგილი, სკვერები  შეიქმნას დედაქალაქში.

თბილისში ორიოდე დღის წინ მძიმე მოვლენები განვითარდა, გაიჩეხა ხეები, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, თუ რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ იმ 9-წლიანი ზეობის პერიოდში. საზოგადოებას კარად ახსოვს, ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ბრძოლა უგულავასა და სააკაშვილის მიერ გაცემული განკარგულებების, ხეების გაჩეხვის წინააღმდეგ. გავახსენებ ჩვენს საზოგადოებას, აღმაშენებლის გამზირზე, როდესაც იქ იჩეხებოდა უზარმაზარი ხეები, არავითარი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტებს არ მოჰყოლია, ისევე როგორც, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ეხლა თითქოსდა ხმალამოღებული იბრძვიან ჩვენი ფილთვების სისუფთავისათვის. არჩევნების წინ ამ თემის წამოწევა სჭირდებათ და სწორედ ამაზე არ უნდა ხდებოდეს აპელირება და ამით სპეკულირება.

ძალიან მძიმე პრობლემაა სრულიად საქართველოში დასაქმების საკითხი.  „მემარცხენე ალიანსის“ დეპუტაციის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება ლობირება იმ კანონპროექტებისა, რომლებიც მიმართული იქნება იმისაკენ, რომ მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის პირობების შექმნა, რათა შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი ბიზნესის განვითარება, შეძლონ არა მარტო თავიანთი ოჯახის წევრების გამოკვება, არამედ ამ მცირე ბიზნესში სხვა ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმებაც.

ჩვენ, პარლამენტში არჩევის შემთხვევაში, ვიმუშავებთ ასევე იმაზე, რომ მოხდეს არა მარტო ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტის გაკონტროლება, ხარჯვით ნაწილში, არამედ რაიონების ბიუჯეტის გაკონტროლება. დედაქალაქში და ასევე რაიონებში არჩეულმა დეპუტატებმა უნდ განახორციელონ ზედამხედველობა ბიუჯეტის სწორ ხარჯვაზე. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა უნდა იმუშაონ როგორც საკრებულოსთან, მერიასთან, გამგეობებთან, ასევე  სხვა აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, რომ თითოეული არამიანის პრობლემა იყოს მიტანილი   და გადაწყბვეტილი“ – განაცხადა პაატა ჯიბლაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ჯერ თავისი ამომრჩევლის პრობლემებზე ზრუნვა და მათი გადაწყვეტა და შემდეგ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა პარლამენტში, რომელიც შეუმსუბუქებს  სოციალურ და ეკონომიურ მდგომარეობას, არა მარტო თავიანთ ამომრჩეველს, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობას.

„ჩვენი კიდევ ერთი მთავარი ამოცანა: პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად დავსვამთ საკითხს ხელისუფლების  წინაშე იმასთან დაკავშირებით, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპანტ ქვეყანასთან, რუსეთთან დიალოგი უმაღლეს სამთავრობო დონეზე იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ საქართველოს გახლეჩვის მცდელობას, რომ ჩვენი აფხაზი, ოსი ძმები ერთიან ძმურ ოჯახში შემოვიდნენ. დიალოგის გარდა, სხვა გამოსავალს ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, ვერ ვხედავთ. რა თქმა აუნდა, არის სხვა უამრავი პრობლემა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთერთი ძირითადი ასევე იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად შესრულება“ – აღნიშნა „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.

კომენტარის დატოვება