„ნუ მივცემთ მომავალ თაობებს აფხაზეთის დავიწყების საშუალებას, ნურც სიყვარულს გავუნელებთ!“

ბლოგი

დავით დოლიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ მხარდაჭერით, ჟურნალისტთა კონფერენცია – „სიტყვა პირველია – ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“ გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია სამ ბლოკისგან შედგებოდა – მედია და კონფლიქტები, ომისა და მშვიდობის გაკვეთილები და ახალგაზრდები ნდობის აღდგენისა და მშვიდობისათვისდა მას ჟურნალისტი ვენერა რურუა უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის, ტელეკომპანია „ერთსულოვნებისა“ და ცალკეულ ჟურნალისტთა მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული ვიდეოსიუჟეტები აფხაზეთზე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ომისა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა, ბლოგერებმა, მწერლებმა, პუბლიცისტებმა, დრამატურგებმა და სტუდენტებმა. კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. „კონფერენციის მიზანი იყო ქართულ მედიასაშუალებებში აფხაზეთის თემის გააქტიურება, ასევე საქართველოს მედიის მეშვეობით ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება. სასტუმროს ფოიეში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა აფხაზი კოლეგებისადმი მიმართვა მიიღეს. კონფერენცია სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებული კვირეული ფარგლებში ჩატარდა“, – ნათქვამია აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა GmTV- ჟურნალისტი, თავართქილაძის სახელობის ინსტიტუტის სტუდენტი, ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიანდი დათო დოლიძე.

-პატარა რომ ვიყავი, დაახლოებით 4-5 წლის, თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ერთ-ერთ საფეხმავლო ხიდის ქვეშ ყოველი გასვლისას მექანიკურად ვკითხულობდი ამავე ხიდზე წაწერილ ფრაზას: „აფხაზეთი – ჩვენი ტკივილი”. 5 წლის რომ ვიყავი არც აფხაზეთი ვიცოდი რა იყო და არც ის თუ რატომ იყო იგი ჩვენი, მასაშადამე ჩემი, ტკივილი. დღეს კი უკვე ვიცი! ეს საშინელი ომი ერთ დღეში არ დაწყებულა, არც ერთ თვეში, არც ერთ წელში, არც 10 წელში! კონფლიქტი ნელ-ნელა ღვივდებოდა, უბრალოდ ამას დანახვა, სწორად აღქმა და შეფასება სჭირდებოდა. თუმცა ძმათამკვლელი ომიდან ახლად გამოსულ საქართველოს როგორც სჩანს არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა.

მე არასდროს მინახავს აფხაზეთი, თუმცა მრავალი ღამე გამიტარებია სოხუმში. დამითვალიერებია ის ქუჩები, სახლები და სანაპირო, რომელიც ფოტოებიდან და ოჯახის წევრების გადმოცემით ვიცი. დედაჩემიც დევნილია, მანაც დიდი მსხვერპლი გაიღო ერთიანობისთვის და საკუთარი ძმა დატოვა აფხაზეთის მიწაზე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თავი გასწირა საკუთარი კუთხისა და ქვეყნის დასაცავად. თუმცა ომი დაუნდობელია და ეს ყველამ კარგად ვიცით. მტრობა მარტივი უბედურებაა, შერიგება და მიტევებაა რთული. როგორც სჩანს შესარიგებლად არცერთი მხარე არ ვართ ბოლომდე მზად, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე გადავდგამდით საჭირო ნაბიჯებს და ჩვენს წვლილს შევიტანდით ამ საერთო საქმეში. მხოლოდ ზედაპირული მცდელობებით ჩვენ მათ გულს ვერ მოვიგებთ. სწორედ ამიტომ, ახალ თაობას ეკისრება ეს რთული, თუმცა ამავდროულად ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისია.

ჩვენი თაობის ჟურნალისტებმა, ექიმებმა, იურისტებმა, მასწავლებლებმა და თითოეულმა მოქალაქემ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ და საერთო ძალებით დავიწყოთ წინა თაობების დროს ჩატეხილი ხიდის აღდგენა, გამთელება. აუცილებელია საჭირო გზების გამონახვა და დაახლოება იქ მცხოვრებ ახალგაზრდობასთან. სოციალური ქსელი დღეს გვაძლევს ბრწყინვალე შანსს გავიცნოთ და დავუახლოვდეთ აფხაზეთში მცხოვრებ თანატოლებს. გულწრფელად ვანახოთ მათ, რომ ჩვენ მზად ვართ მიტევებისთვის, შერიგებისთვის და თავადვე მიხვდებიან, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია. დავპატიჟოთ ენგურს აქეთ და ჩავიკრათ გულებში როგორც ჩვენი დები და ძმები. დარწმუნებული ვარ არც საპასუხო ნაბიჯები დააყოვნებს. იქ სადაც პოლიტიკოსები და დიპლომატები უძლურნი არიან, თავისი სიტყვა უნდა თქვას სახალხო დიპლომატიამ. ადამიანურ დონეზე დასულ ურთიერთობებს შეუძლიათ გაყინული გულების გალღვობა და ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება. შეუძლებელია მომავალი თაობის მიერ დამყარებულმა ურთიერთობებმა და გაცემულმა სითბომ შედეგი არ გამოიღოს.

სულ ცოტა ხნის წინ ჩავატარე უნივერსიტეტში კონფერენცია სახელწოდებით “აფხაზეთი ჩვენი ტკივილია”, სადაც ჩემი თანატოლები იყვნენ მომხსენებლები. ისინი საკუთარი სურვილით ჩაერთვნენ ამ საქმეში და თითოეულმა მათგანმა მთელი გული ჩადო საკუთარი სიტყვის მომზადებაში. არადა, არცერთ მათგანს საკუთარი თვალით არ უნახავს და არ უგრძვნია აფხაზეთი. ამ კონფერენციისა და აფხაზეთზე დაწერილი მრავალი სტატიის საფუძველზე აფხაზეთის მთავრობამ შარშან მომანიჭა საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობითი სტიპენდია, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მათ. ეს ჩემთვის ძალიან საამაყო და მომავალში საქმიანობისთვის ბიძგის მომცემია. აქ მრავლად ვართ ყველა თაობის ჟურნალისტები და მჯერა რომ ყოველი ჩვენგანი უანგაროდ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოსა და საქმეს. ჰოდა, სწორედ სამშობლოსა და საქმისადმი სიყვარული მოითხოვს რაც შეიძლება მეტი ვწეროთ აფხაზეთზე, ბევრი ვისაუბროთ, ნუ მივცემთ მომავალ თაობებს ამ უმშვენიერესი კუთხის დავიწყების საშუალებას, ნურც სიყვარულს გავუნელებთ. ვწეროთ ისე, რომ ჩვენი ნაწერი იკითხონ აფხაზეთშიც. იქნებ მათზე ამანაც იმოქმედოს და მიხვდნენ, რომ ჩვენ მათ არ ვივიწყებთ, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.

ბოლოს კი მინდა მურმან ლებანიძის ლექსის ერთი სტროფით დავასრულო, რომელიც სწორედ იმ აფხაზ სეპარატისტებს ეხება ვინც ამ სიძულვილის თესვას ცდილობს, ადრე გამოუვიდა და მომავალში, იმედია, ხელმოცარული დარჩება! „აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს – ეს კაცია ალბათ თურქის არა რუსის თემის და მე ვყვირი – ჩემს სისხლს დალევს უწინამც და მე ვყვირი – აფხაზეთი ჩემი!“