“ძალიან ცოტა ქალია პარლამენტში, გვჭირდება ბევრად მეტი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში”

„ქალი საკრებულოს წევრები ქვეყანაში უნდა იყვნენ ბევრად უფრო მეტი, ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, პოლიტიკურ პროცესში და განსაკუთრებით საკრებულოებში, თვითმმართველ ორგანოებში ანუ იმ ერთეულებში, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან და საიდანაც ყველაზე უკეთ ჩანს თუ რა აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს და რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის  პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის ყოველწლიური კონფერენციაზე.

მისივე თქმით, ქალთა მეტი წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში საჭიროა იმისთვის, რომ  ძალიან ბევრი პრობლემა და ძალიან ბევრი საკითხი ქალებმა უკეთ იციან, მაგალითად: რა სჭირდება ბავშვს ბაღში, რა პრობლემებია სკოლაში, რა პრობლემებია ჯანდაცვის და ა.შ.

„მთელ მსოფლიოში ასეა. ეს თემები ყველაზე უკეთ იციან ქალებმა იმიტომ, რომ სწორედ ჩვენ გვიწევს შეხება ამ თემებთან. სწორედ, ჩვენზე გადადის ძალიან დიდი ტვირთი სოციალური ნაწილის, ოჯახის, ადგილობრივი საზოგადოების.  აქედან გამომდინარე, ბევრად უკეთ ვიცით ბევრი საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, თვითმმართველობა ან საქართველოს პარლამენტი. როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება,  თუ როგორც უნდა მოგვარდეს ესა თუ ის საკითხი, ჩვენი ხმაც სათანადოდ უნდა ისმოდეს. ჩვენი ინტერესები ვერ იქნება სათანადოდ გათვალისწინებული, თუ არ გვეყოლება მეტი ქალი საკრებულოებში და პოლიტიკურ ორგანოებში“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის  პირველი მოადგილის განცხადებით, ახლო მომავალში პარლამენტი დაუბრუნდება იმ კანონპროექტზე მუშაობას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მსურველ  ყველა პოლიტიკურ ძალას ავალდებულებს, რომ მინიმუმ ერთი მესამედი წარმომადგენლებისა იყვნენ ქალები.

მისივე თქმით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში წარმოდგენილია პარლამენტში არსებული  ყველა პოლიტიკური ძალა, თუმცა ეს ის ერთადერთი ადგილია,  რომელის შეხვედრებზეც ყველა ცდილობს, რომ გვერდზე გადადოს პარტიული კუთვნილება.

„ისედაც ძალიან ცოტა ქალია პარლამენტში და შესაბამისად, ვცდილობთ არ დავაზიანოთ ეს პროცესი პარტიული დაპირისპირებებით და ვცადოთ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობთ,  როგორიც არის: ქალების მიმართ ძალადობა და ამ ძალადობასთან ბრძოლა,  ოჯახში ძალადობის პრობლემა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება დ სხვა“,-განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის  პირველმა მოადგილემ.