კორუფციის კვამლი: დიდი განაწილება თამბაქოს ბიზნესში

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

ბოლო პერიოდში “ომეგა ჯგუფის” გარშემო გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა კითხვები წარმოშვა საქართველოში თამბაქოს ბიზნესში წამყვანი კომპანიების ქმედებებისა და მასში მთავრობის მაღალჩინოსნების ჩართულობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა ჯერაც დასადგენია, ამჟამად ცნობილი ფაქტებისა და გარემოებების ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს კორუფციის შემთხვევასთან, რომლის ბენეფიციარები მაღალი თანამდებობის პირები და მმართველი პარტია იყვნენ.

🔺ამასთან, ბიზნეს-ჯგუფებთან ერთად, მოცემულ სქემაში სავარაუდოდ მონაწილეობდნენ როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

🔺გავრცელებულ მასალებზე რეაგირება და ამ საქმის გამოძიება მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად აქვს საქართველოს ხელისუფლებას მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება.

ბოლო პერიოდში “ომეგა ჯგუფის” გარშემო გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა კითხვები წარმოშვა საქართველოში თამბაქოს ბიზნესში წამყვანი კომპანიების ქმედებებისა და მასში მთავრობის მაღალჩინოსნების ჩართულობასთან დაკავშირებით.  მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა ჯერაც დასადგენია, ამჟამად ცნობილი ფაქტებისა და გარემოებების ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს კორუფციის შემთხვევასთან, რომლის ბენეფიციარები მაღალი თანამდებობის პირები და მმართველი პარტია იყვნენ. ამასთან, ბიზნეს-ჯგუფებთან ერთად, მოცემულ სქემაში სავარაუდოდ მონაწილეობდნენ როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფარული ჩანაწერების შინაარსი

ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული რამდენიმე ჩანაწერი გავრცელდა, თუმცა თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილების საკითხს მხოლოდ ბოლო ორი ეხებოდა.  2018 წლის 17 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საუბრის მონაწილეები – “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და “თბილისის თამბაქოს” წარმომადგენლები ირაკლი ჩუბინიშვილი და ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში თამბაქოს ბაზრის განაწილების სქემას განიხილავენ. საუბრის მიხედვით, გარიგების შესახებ ინფორმირებულნი და პროცესში ჩართულნი არიან:

  • უჩა მამაცაშვილი – ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი;
  • დიმიტრი ქუმსიშვილი – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა ყოფილი მინისტრი;
  • ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი მთავარი პროკურორი;
  • ჩანაწერის მიხედვით, უჩა მამაცაშვილმა „ომეგა ჯგუფსა“ და „თბილისის თამბაქოს“ სავარაუდოდ ერთიანი სადისტრიბუციო კომპანიის შექმნა შესთავაზა. საუბრის ჩანაწერის შინაარსიდან იკვეთება, რომ აღნიშნული გარიგების პირობები ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. საუბარში ასევე ნახსენებია „ფონდი“, იგივე „პარტია,“ რომელიც, სქემის მიხედვით, თამბაქოს ბაზარზე დისტრიბუტორი კომპანიის შემოსავლის 50%-ს მიიღებდა.24 სექტემბერს კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც “თბილისის თამბაქოს” წარმომადგენელი ირაკლი ჩუბინიშვილი “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს სავარაუდოდ, „პარტიის“ უკანონო დაფინანსების სქემის შესახებ ესაუბრება. სქემის მიხედვით, „პარტიას“ სიგარეტის უცხოური კომპანიებიც აფინანსებდნენ, ხოლო უშუალოდ “თბილისის თამბაქომ” წინასაარჩევნო პერიოდში „პარტია“ 3-ჯერ დააფინანსა. ირაკლი ჩუბინიშვილი, ხელისუფლებასთან პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს „პარტიის“ აღნიშნული სქემით დაფინანსებას სთავაზობს. ამავე საუბრის მიხედვით, „პარტიის“ დაფინანსების საკითხს “მინისტრი”, სავარაუდოდ, დიმიტრი ქუმსიშვილი კურირებდა.კიდევ ერთი  საუბრის მონაწილეები ახსენებენ სასამართლო დავასაც, რომელშიც, სავარაუდოდ, თამბაქოს იმპორტიორი კომპანიების წინააღმდეგ „ომეგა ჯგუფისა“ და „თბილისის თამბაქოს“ მიერ შეტანილი სარჩელები მოიაზრება.

     

    სასამართლო დავა თამბაქოს ბაზარზე

    “მარჟა გაგვიკეთეს იმით, რო ფილტრიანები დემპინგიდან გაიყვანოსო […] ეს რაც სასამართლოთი არის გაჩერებული ახლა სხვებმა რო არ შემოიტანონ, უთხრას რო არ შემოიტანონ და გააჩერონ ეგენი.”  (ფრაგმენტი ფარული ჩანაწერიდან – სავარაუდოდ ირაკლი ჩუბინიშვილის სიტყვები).

    ფარულ ჩანაწერში მოსაუბრეები სავარაუდოდ ახსენებენ პირველი ინსტანციის სასამართლოს დავებს, რომლთა შედეგად თამბაქოს მწარმოებელ უცხოურ კომპანიებს, „ფილიპ მორისს“ და „ბრითიშ ამერიქან თობაქოს,“ 93 და 270 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრათ შესაბამისად „თბილისის თამბაქოსა” და „ომეგა ჯგუფის“ სასარგებლოდ.

    თამბაქოს ბაზარზე არსებული დავის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი  თავდაპირველად 2016 წლის იანვარში გახდა, როდესაც “ფილიპ მორისმა” მისი პროდუქციის დისტრიბუტორის – “ომეგა ჯგუფის” სხვა კომპანიით ჩანაცვლება გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას “ფილიპ მორისი”-ს პროდუქციის მიწოდების შეფერხება, მასზე გაზრდილი ფასები და “ომეგასა” და “ფილიპ მორისს” შორის სასამართლო დავა მოჰყვა. მხარეებს შორის აღნიშნული დავა 2016 წლის 28 აპრილს მორიგებით დასრულდა.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ დავის პერიოდიდან იკვეთება დიმიტრი ქუმსიშვილის მართლსაწინააღმდეგო ჩარევა ამ საკითხში, როდესაც ის „ფილიპ მორისისგან“ მოითხოვდა, რომ მათ ურთიერთობა „ომეგა ჯგუფთან“ გაეგრძელებინათ.

    2016 წლის 24 თებერვალს “ფილიპ მორისის” წინააღმდეგ სასამართლოს საჩივრით მიმართა „თბილისის თამბაქომაც,” რომელიც კომპანიას სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას ედავებოდა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” „ფილიპ მორისსა” და „თბილისის თამბაქოს” შორის არსებული დავა შეისწავლა და 2017 წლის 30 მარტს შეფასება გამოაქვეყნა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელი იყო, რომ კორუფციის ეჭვებს ბადებდა. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან, პრობლემურ დეტალს შეიცავდა. კერძოდ:

    • სასამართლომ საქმეს არ დაურთო კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც არ დადგინდა თამბაქოს ბაზარზე „კონკურენციის შესახებ” კანონის დარღვევა. დასკვნა თავდაპირველად სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით წაიშალა
    • კანონის დარღვევად შეფასდა დემპინგური ფასდადება საქონელზე, იმ პირობებში, როდესაც  დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს
    • სასამართლომ არ განმარტა, თუ რა საფუძვლით გამოიყენა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი კერძო პირებს შორის დავის გადაწყვეტისას, მაშინ როდესაც ამ კანონის დარღვევისას, მხოლოდ სახელმწიფოა უფლებამოსილი ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომით თამბაქოს მწარმოებლის წინააღმდეგ
    • სასამართლომ „ფილიპ მორისს” შემდგომი 10 წლის მანძილზე „თბილისის თამბაქოსთვის” სავარაუდოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაავალა.

     

    აღსანიშნავია, რომ, 21 სექტემბერს გამოქვეყნებული კიდევ ერთი ფარული ჩანაწერის თანახმად, „ომეგა ჯგუფს“ ძვირადღირებული ავტომობილები უნდა გადაეცა დიმიტრი ქუმსიშვილისთვის და ნოდარ ხადურისთვის, რომელიც 2012 წლიდან ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო 2016 წელს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა. სწორედ ხადურის ხელმძღვანელობის დროს,  კონკურენციის სააგენტომ საეჭვო გარემოებებში თავისი ვებსაიტიდან წაშალა დასკვნა, რომელიც „ფილიპ მორისმა“ „ომეგა ჯგუფთან“ დავისას სასამართლოში წარადგინა და რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თამბაქოს ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ დადგინდა.

    როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში მწვავე გამოხმაურების ფონზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის  სასამართლოს გადაწყვეტილება  სრულად შეცვალა და გააუქმა „ფილიპ მორისის” ვალდებულება 93 მილიონამდე ლარის გადახდასთან დაკავშირებით.  „თბილისის თამბაქომ” ამ გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს მიმართა, თუმცა მოგვიანებით, 8 000 ლარის ოდენობის ბაჟის გადახდის მიუხედავად, საკასაციო საჩივარზე თავადვე თქვა უარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

    რას გვეუბნება ჩანაწერები

    ამჟამად საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალები იმაზე მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებას კერძო კომპანიებს, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შორის. გარიგება გულისხმობდა თანამდებობის პირთა ძალაუფლების გამოყენებას თამბაქოს ბაზარზე ხსენებული კომპანიებისთვის დომინანტი პოზიციის უზრუნველყოფის მიზნით. ამის შედეგად გენერირებული შემოსავლები კი განაწილდებოდა კომპანიებსა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფს შორის.

    გავრცელებული ჩანაწერით კიდევ უფრო მყარდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოთქმული მოსაზრებები, „ფილიპ მორისსა” და „თბილისის თამბაქოს” საქმეზე საქალაქო სასამართლო დავაში შესაძლო უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით.  ჩანაწერიდან ჩნდება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში გავლენიანი პირების მხრიდან კორუფციულ სქემაში ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” უკანასკნელ პერიოდში სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკები შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ  სისტემაში კორუფციის არსებობისთვის ნოყიერი ნიადაგი არსებობს, რაც ძირითადად მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლების კონცენტრაციით და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანი სისტემის არარსებობით არის გამოწვეული.

    ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დამტკიცებისა და ზემოთ გამოთქმული ვარაუდების დადასტურების შემთხვევაში, საქმე გვაქვს სერიოზულ კორუფციულ დანაშაულთან, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქედან გამომდინარე, გავრცელებულ მასალებზე რეაგირება და ამ საქმის გამოძიება მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად აქვს საქართველოს ხელისუფლებას მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება.