“27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა”

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის დასრულების 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით 1993 წლის 27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა. „ჩვენი ვალდებულებაა მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“-განაცხადა ლევან იზორიამ. გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.