სიტყვიერი დაპირისპირება მინისტრსა და მევენახეებს შორის ამბროლაურში

ამბროლაურში მევენახეები პროტესტს გამოთქვამენ. მათი თქმით, კომპანიები ერთ კილოგრამ ყურძენში ექვს ლარს სთავაზობენ. მევენახეები კი ამ პირობაზე დათანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, თუკი ჩაბარების ფასი რვა ლარამდე არ გაიზრდება, მოსავალს არ აიღებენ.

მათივე განმარტებით, შარშან სახელმწიფოსგან სუბსიდიაც ჰქონდათ, წელს კი მოიხსნა. ადგილზე იმყოფებიან ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მევენახეებთან სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივიდა. მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ არ აჰყვნენ პოლიტიკური სპეკულაციებს.

როგორც მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, დილიდან კომპანიები ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყებენ მოლაპარაკებებს და მათი ნაწილი მზად არის კილოგრამ ხარისხიან ყურძენში შვიდი ლარი გადაიხადოს. მინისტრის თქმით, საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს და რთველი რაჭაში აუცილებლად უნდა დაიწყოს.