“ბევრი პრობლემა, რაც საზოგადოებაშია, არ იქნა მოტანილი ხელისუფლებასთან…”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  პროვოკაციები “ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა”. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ის რაც მისი გამოსვლების დროს ხდება, მას არ აჩერებს, რადგან  მისთვის ამომრჩეველთან ურთიერთობაა მთავარი.

პრეზიდენტობის კანდიდატს ზაზა ოქუაშვილის განცხადებების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ როგორც მომავალი პრეზიდენტი ის არის და იქნება მედიის დამცველი: “აღარასოდეს განმეორდება, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, როცა ბიზნესი იყო ყველანაირად დარეკეტებული. ეს პერიოდი დამთავრდა და აღარასოდეს არ დაბრუნდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან სალომე ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ასეთ დიალოგი სათანადოდ არ იყო, რის გამოც “ბევრი რამ, რაც გაკეთდა, არ იყო მიტანილი საზოგადოებასთან. ბევრი პრობლემა, რაც საზოგადოებაშია, არ იქნა მოტანილი ხელისუფლებასთან და ამ დიალოგის აღდგენა იქნება ერთ-ერთი ის ფუნქცია, რაც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია” – თქვა ზურაბიშვილმა.