“ჩემთვის ძალიან გულსატკენია ცალკეული მედიასაშუალების ქმედება…”

მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების მიერ თანხების დაზოგვის პოლიტიკაზეც ისაუბრა.
 
„სამივლინებო თანხები, მიუხედავად ჩვენი აქტივობისა, ორჯერ შევამცირეთ. ხოლო საწვავთან მიმართებაში, პირველად თავდაცვის უწყებაში შევქმენით სამორიგეო ავტოპარკი. უწყებაში ავტომანქანით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ სამსახურეობრივი დანიშნულებით არის შესაძლებელი. შედეგად საწვავის ხარჯი 2012 წლიდან 35 მილიონი ლარიდან 2017 წელს 8 მილიონ ლარამდე შემცირდა”.
 
თავდაცვის მინისტრმა ასევე განმარტება გაზრდილ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებითაც გააკეთა. ლევან იზორიას განცხადებით წარმომადგენლობითი ხარჯების მატება გამომწვეულია ობიექტური გარემოებებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა სხვა გარემოებებით.
 
„ხარჯების მატება გამოიწვია ობიექტურმა გარემოებებმა. 2017 წლის დასაწყისში ჩვენ ვუმასაპინძლეთ ნატო-საქართველოს სამხედრო კომიტეტს და მხოლოდ ეს ვიზიტი ჩვენს ბიუჯეტს 400 000 ლარი დაუჯდა. ასეთი ვიზიტების ორგანიზება, მათ შორის ფინანსური ხელშეწყობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. 2017 წელს პირველად გვქონდა საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთის მინისტერიალი, ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის კონფერენცია ბათუმში. რაც ხაზმგასმით მინდა ვთქვა, ოფიცილაური ვიზიტების რაოდენობით 2017 წელი იყო გამორჩეული, საუბარია სტუმრების რაოდენობაზე. 2017 წელს ათი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გვესტუმრა, აქედან ნახევარზე მეტი პირველად ესტუმრა საქართველოს.“ – აღნიშნა მინისტრმა.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ბატონ მატისთან ჩემი შეხვედრა, სადაც მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინე, 45 წუთი გაგრძელდა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა ცალკეულმა მედიასაშუალებებმა არ გააშუქეს, რაც გულდასაწყვეტია“, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
როგორც ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განმარტა, ქვეყნის საგარეო კურსი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია:
„ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კურსს რასაც ხალხი ირჩევს და რასაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება ჰქვია. როდესაც ვხვდები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს თავდაცვის მდივანს ბატონ მატისს, რომელიც სასაუბროდ 45 წუთს გვითმობს და ეს შეხვედრა ცალკეულ სტელევიზო საშუალებებში არ შუქდება, ჩემთვის ძალიან გულსატკენი ფაქტია. მე შეიძლება ბრალდებები გაღიმებულმა მოვისმინო, რადგან მართალი ვარ, გარკვეულ კრიტიკას ძალიან მშვიდად და საღი გონებით შევხვდე, მაგრამ ასეთი ფაქტების მიმართ ახსნას ვერ ვპოულობ. ეს არის ზეპარტიული თემა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და გამოწვევა, რომ ამ ჰიბრიდული შემოტევების პირობებში, ჩვენ ერთი ცენტრალური ხაზი გამოვკვეთოთ, სადაც საგარეო კურსს მაქსიმალური ძალისხმევით დავუჭერთ მხარს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინე, არა ჩემთვის ან ჩემი მეგობრისთვის, არამედ, მოსახლეობისთვის, ამის შესახებ კი ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, მოსახლეობის ინფორმირება არ მომხდარა, რაც გულდასაწყვეტია“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.