ბაღების სააგენტო გაერთიანებული ოპოზიციის მიერ N15 ბაღის დირექტორზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

თბილისის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

-გვსურს გამოვეხმაუროთ გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლების მიერ თბილისის N15 ბაგა-ბაღის დირექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული ბაღის დირექტორი მიმდინარე კვირაში სარგებლობს კუთვნილი შვებულებით და არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და დაწყებულია ფაქტის მოკვლევა, სააგენტო დაელოდება ამ უწყების დასკვნას და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება შესაბამისი რეაგირება.

აქვე, აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბაღების მართვის სააგენტოში მოვიდნენ პოლიტიკური მოთხოვნებითა და დესტრუქციული ქმედებებით, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა და პირადად განუმარტა საქმის ვითარება”.