„ვინც ლუგარის თემას გამიზნულად ბლოკავს, სიცრუეს უწოდებს, ის არის მოღალატე, მე კი პატრიოტი ვარ…“

ქეთი მიქაძე

ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის თემას დიდი გამოხმაურება აქვს როგორც ექსპერტების, ისე საზოგადოების მხრიდან. ამ თემით კარგა ხანია რუსული ტელეკომპანიები საინფორმაციო ომს ეწევიან. ერთ-ერთ ტელეკომპანიას სწორედ ლუგარის თემაზე ინტერვიუ მისცა ქართველმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, „პატრიოტი TV“-ს დამფუძნებელმა გიორგი ირემაძემ. ინტერვიუმდე კი ტელეკომპანია „ზვეზდამ“ მის მიერ გადაღებული სიუჟეტი აჩვენა.

ამ ყველაფერს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, ექსპერტებმა და საქმეში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ ვიდეოში გაჟღერებულია ცრუ ინფორმაცია, საერთოდ ლუგარის ლაბორატორიის თემა რუსეთის მიერ სპეციალურად შემოგდებული და მთლიანად სიცრუეზეა აგებული, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გიორგი ირემაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყებენის აუცილებლობაც გააჟღერა. სოციალურ ქსელში გაჩნდა კითხვები სუს-ის მიმართაც, რატომ არ ახდენს უწყება რეაგირებას ირემაძის ქმედებებზე.

ჩვენ თავად გიორგი ირემაძეს დავუკავშირდით.

ლუგარის ლაბორატორიაზე საკმაოდ დიდი ხმაურია ატეხილი და ეს ყველაფერი რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილი საინფორმაციო ომია. როგორი თითიდან გამოწვეული ხმაურიც არ უნდა იყოს, კონკრეტული მიზნები აქვთ და გამოდის შენც ამ კონკრეტული გეგმის ერთი რგოლი ხარ. ვიცით, რომ რუსულ ტელეკომპანია „ზვეზდას“ მიაწოდე გადაღებული ვიდეო, რატომ მიაწოდე და საერთოდ, ამ თემით ვინმეს დავალებით დაინტერესდი თუ?…

-დავიწყებ იმით, რომ ამერიკელი კონგრესმენის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომელიც მდებარეობს თბილისის ტერიტორიაზე, კახეთის გზატკეცილზე,  აეროპორტის მახლობლად, აშენდა სააკაშვილის დროს და არის საფრთხის შემცველი, რასაც ადასტურებს ლაბორატორიის მახლობლად მდებარე „ალექსეევკის“ დასახლებაში მცხოვრები ადამიანების მიერ გაჟღერებული კონკრეტული ბრალდებები, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ჩემს სიუჟეტში, ის ჯერ კიდევ აპრილში გამოქვეყნდა, ბმული: https://www.youtube.com/watch?v=m6dSPEiyuq0&t=957s
ალექსეევკის მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ლაბორატორია აბინძურებს გარემოს, კერძოდ, ღამე ლაბორატორიიდან მოდის კვამლი, მძიმე სუნი, ამ დროს აივანზე გასვლისას შეუძლებელია სუნთქვა, ლაბორატორიას აქვს 7 საკვამლე მილი, იქიდან ამოდის ფერადი კვამლი, სავარაუდოდ ნარჩენების დაწვის შედეგად, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე და ალექსეევკის დასახლებაში ფიქსირდება ონკოლოგიური დაავადებების მაღალი მაჩვენებელი და სიკვდილიანობა, ახალშობილებში ფიქსირდება ანომალიები და ა.შ. ეს ინფორმაცია ქართულ მედიაში არაერთხელ გავრცელდა, მაგალითად გაზეთ „ასავალ დასაველში“ და „საქართელო და მსოფლიოში“, არაერთმა ბლოგერმა და მედიამ დააფიქსირა ეს ინფორმაცია. ჩემი სიუჟეტი „ლუგარის“ ლაბორატორიასთან დაკავშირებით გადავიღე მას შემდეგ, რაც „ალექსეევკის“ მოსახლეობამ თხოვნით მოგვმართა, ისინი შველას ითხოვდნენ და დღესაც ითხოვენ, რომ გაშუქდეს იქ რაც ხდება, ადამიანებს წამლავენ და ეს ხდება თბილისში. ამის შემდეგ ჩვენმა ტელევიზიამ „პატრიოტი ტვ“-მ გადაიღო ვრცელი სიუჟეტი, სადაც „ალექსეევკაში“ მცხოვრები ადამიანები საუბრობენ იმ ზიანზე, რომელიც მათ წლების განმავლობაში მიაყენა „ლუგარის“ ლაბორატორიამ, როგორც სპეციფიური კვამლის სახით, ასევე კანალიზაციის, რომელიც ლაბორატორიიდან გამოდის და გადის დასახლების ტერიტორიაზე, რომელიც ასევე აბინძურებს გარემოს. სიუჟეტში ერთ-ერთი რესპოდენტი საუბრობს ფაქტზე, როცა ლაბორატორიაში მომუშავე ორი ფილიპინელი, რომელიც ქირით ცხოვრობდა ალექსეევკაში, ერთ დღეს ქუჩაში ცუდად გახდნენ და უგონოდ დაეცნენ, ხალხმა სასწრაფო გამოიძახა, მერე გაირკვა, რომ ისინი გარდაიცვალნენ, აცხადებს ალექსეევკის მცხოვრები ელინა ურუმოვა. მოსახლეობაში პანიკაა, არსებობს ვერსია, რომ ლაბორატორიაში  მიმდინარეობს მუშაობა გარკვეულ ვირუსებზე, რომლითაც დაავადდნენ ფილიპინელები და გარდაიცვალნენ. ეს კი თავისთავად საფრთხეა , როგორც ალექსეევკის დასახლებისთვის, ასევე თბილისისთვის. ამ ინფორმაციას ადასტურებს ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, რომლის ინტერვიუ გამოქვეყნდა ჩვენს ტელევიზიაში ბმული: https://www.youtube.com/watch?v=87lPkK6icPg , ის ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორია აშენდა ამერიკელების მიერ და მიზნად ისახავს ვირუსების გავრცელებას სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად ღორის და ქათმის გრიპის გავრცელება იმ ტერიტორიაზე, რომელიც კონკურენციას უწევს ამერიკულ პროდუქციას, ეს დივერსიაა და დანაშაულია. გარდა ამერიკელი ჟურნალისტისა, ბულგარელმა ჟურნალისტებმაც ახლახანს გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „ლუგარის“ ლაბრატორიაზე, სადაც მეც გავაკეთე კომენტარი, ბმული: https://www.youtube.com/watch?v=rWyO9Xq-ByI ამის გარდა, გერმანულ მედიაშიც ვრცელდება ინფორმაცია „ლუგარის“ ლაბორატორიაზე, ბმული – https://www.youtube.com/watch?v=HaPWJ1sajuU&feature=youtu.be  ასევე, ამერიკულმა გამოცემამ „Veteranstoday“-მ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში არსებულ სახიფათო ბიო-ლაბორატორიაზე, ბმული: https://www.veteranstoday.com/2013/10/06/georgia-to-open-lugar-biolab-to-russian-experts/
ასე, რომ რუსული მედიის გარდა დასავლური მედიაც დაინტერესებულია და აღშფოთებული, რადგან მართლაც უამრავი პასუხ გაუცემელი კითხვაა „ლუგარის“ ლაბორატორიასთან დაკავშირებით. ამიტომ, ბუნებრივია რუსეთშიც დაინტერესდებოდნენ იმით თუ რა ხდება აღნიშნული ლაბორატორიის გარშემო, რადგან შესაძლო ხიფათი და რისკები ემუქრებოდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს რეგიონს, მათ შორის რუსეთსაც. ხოლო მე პირადად ვთვლი, რომ ლაბორატორიის საკითხზე ყველამ უნდა ვისაუბროთ, ამაზე გაჩუმება დაუშვებელია, ამიტომაც ჩემი მიზანია გავაშუქო ლაბორატორიის თემა და საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს რა ხდება ჩვენს თავს, რატომ ააშენეს ამერიკელებმა თბილისის მახლობლად გასაიდუმლოებული ლაბორატორია, რომლის აშენება აშშ-ს ტერიტორიაზე აკრძალულია.
ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, არის მყარი არგუმენტი, რომელიც ანეიტრალებს იმ ბრალდებებს, რომელიც თქვენს მიერ დასმულ კითხვებშია ჩემს წინააღმდეგ, რომ ვითომ მე რუსული გეგმის ერთ-ერთი რგოლი ვარ და „ТВ Звезда“ მივაწოდე ინფორმაცია, კიდევ ვიმეორებ, რუსულ ტელევიზიამ თავად მოიძია ჩემი სიუჟეტი, რომელიც საჯარო ინფორმაციაა და გადაცემაში გაუშვა კადრები, ამიტომ აფსურდია და დილეტანტიზმია თქვენი მხრიდან იმის თქმა, რომ რადგან ჩემი სიუჟეტის კადრები, რომელიც აჩვენეს რუსულ ტელეარხზე, ვითომ მე გადავეცი, შეგახსენებთ, რომ ეს კადრები გადაღებული იყო ნახევარი წლის წინ და მისი გამოყენება ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ მედიას შეუძლია, რადგან ეს საჯარო ინფორმაციაა. მე არავის დავალებით არ ვმოქმედებ, არამედ როგორც თბილისელი, აშკარა საფრთხეს ვხედავ, რომელიც მოდის ჩემს ქალაქში არსებული ლაბორატორიიდან და როგორც ჟურნალისტი, მიმაჩნია, რომ უნდა გავაშუქო ეს ინფორმაცია.

-ე.ი. რუსულმა ტელეკომპანიამ თავად აიღო ინტერნეტიდან ვიდეო, მაგრამ ინტერვიუ და ჩართვა ხომ ახალი იყო? ფაქტიურად შენ რუსეთს გაუმყარე ის, რაზეც ქართველი ექსპერტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არის სიცრუე და თითიდან გამოწოვილი. ანუ, ოკუპანტ რუსეთს საქართველოს მოქალაქემ დაუჭირე მხარი.

– კი სკაიპით ჩავერთე და ვისაუბრე ჩემს სიუჟეტზე, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში დავდე საიტზე, კონკრეტულად, სიუჟეტში მონაწილე რესპოდენტზე, რომელიც დავცვის სამსახურში მუშაობდა და „ლუგარის“ ლაბორატორიას იცავდა მისი მშენებლობის დროს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე, ანუ როცა შენობის ფუნდამენტი დასრულდა და სართულების მშენებლობა დაიწყეს, ეს ადამიანი გაანთავისუფლეს სამსახურიდან და მის მაგივრად მიიღეს თურქები. ეს ადამიანი იმით ხსნის ამ ფაქტს, რომ ლაბორატორიის მშენებლობა გასაიდუმლოებული იყო და ქართველებს არ ენდობოდნენ, ამიტომ დაითხოვეს ის სამსახურიდან, ეს კიდევ აღრმავებს ეჭვს, რომ ლაბორატორია გასაიდუმლოებულია და იქ რაღაც ისეთი ხდება, რასაც საზოგადოებას უმალავენ. ქართველ ექსპერტებში ვის გულისხმობთ არ ვიცი, რადგან მე უამრავი ქართელი ექსპერტი ვიცი, ვინც იგივეს ამბობდა რასაც მე, მაგალითად ნანა დევდარიანი და სხვები, რომლებიც რეგულარულად იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ ლაბორატორიის საკითხზე. ხოლო იმ ექსპერტებმა, რომლებსაც აფსურდული ბრალდებები აქვთ, ვეტყვი, რომ საიდან იციან ის, რომ „ლუგარის“ ლაბორატორია უსაფრთხოა და რატო ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას? მათ მხოლოდ ერთი არგუმენტი აქვთ, რომ მე ინტერვიუ მივეცი რუსულ მედიას, ეს არგუმენტი კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მე ეჭვი მეპარება მათ კომპეტენტურობაში.

-იგორ გიორგაძე საკმაოდ აქტიურობს ლუგარის თემის ირგვლივ, რუსეთის ტელევიზიები თითქმის სულ მოიარა და არაერთი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. ხარ თუ არა მისი თანამოაზრე და არის თუ არა რაიმე კავშირი შენსა და გიორგაძეს შორის ამ კონკრეტულ საკითხში?

– მე არ ვიცნობ იგორ გიორგაძეს და მასთან არავითარი კავშირი არ მაქვს. მეც მოვისმინე მისი განცხადებები „ლუგარის“ ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რაგდგან ამ საკითხით დაინტერესებული ვარ და ნებისმიერ ინფორმაციას ინტერესით ვადევნებ თვალს, მან განაცხადა, რომ „ლუგარის“ ლაბორატორიაში ადამიანებზე ხდება ექსპერიმენტები, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა ბოლო წლებში, თუ ეს სიმართლეა, ალბათ აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდნენ, რომლებიც კომპეტენტურები არიან ბიო-ლაბორატორიების საკითხში და დაიწყოს კვლევა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ რა ლაბორატორია აგვიშენეს ამერიკელებმა თბილისში.

-ახლა თქვი, რომ ამ თემაზე ნებისმიერ ინფორმაციას ეცნობი, ქართველი ექსპერტების და ანალიტიკოსების მასალებს არ გაცნობიხარ?

-რასაკვირველია გავეცანი, მაგალითად ნანა დევდარიანის დასკვნა, ციტირებას ვაკეთებ: „პერიოდულად ჩნდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას აპირებდნენ. ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, რომლებიც შიშობდნენ, რომ დივერსიის ან ტერაქტის შემთხვევაში ქვეყანაში სასიკვდილო ვირუსები გავრცელდებოდა.“

წყაროს ბმული: http://reportiori.ge/old/?menuid=3&id=80620

 – კარგი, სანამ შემდეგ კითხვაზე გადავიდოდეთ, მოდი პირდაპირ გამეცი პასუხი-არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი-მხოლოდ კი ან არა.

– ამ კითხვაზე არ შემიძლია მოკლდე გიპასუხოთ, რადგან ვრცელი თემაა, მოკლედ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მე რამდენიმე წელია ჩართული ვარ ქართულ-რუსული ურთიერთობების პროცესში, როგორც ჟურნალისტი ვამუქებ ინფორმაციას, რაც ამ საკითხს ეხება და მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას საქართველოსთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ უნდა დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი და დიპლომატიის დახმარებით მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენიქვეყნისთვის სასარგებლოა, მხოლოდ ამ მეთოდით შეიძება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება, ამიტომ ოკუპანტი კი არ უნდა ვეძახოთ რუსეთს, არამედ დაველაპარაკოთ, როგორც ეს მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში და ამას გვირჩევენ დასავლელი პარტნიორებიც, მაგალითისთვის, ანგელა მერკელს, როცა ის საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართელოში, ჟურნალისტებმა ფაქტიურად ძალით ათქმევინეს სიტყვა „ოკუპანტი“, რადგან ის ერიდებოდა რუსეთის კრიტიკას, რადგან დღეს ყველას კარგად ესმის, რომ რუსეთთან დიპლომატიური საუბარი ბევრად ეფექტურია. მხილოდ ის ძალები ცდილობენ ქართულ-რუსული ურთიერთობების დაძაბვას, რომლებსაც არ აწყობთ, რომ საქართველომ დაიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო.

დიალოგს რომ ალტერნატივა არ აქვს, ეს ცხადია, მაგრამ ხე ერთი მხრიდან არ იჭრება, შენი პასუხიდან გავიგე, რომ არ თვლი და არ უწოდებ რუსეთს ოკუპანტს. მოდი თემას დავუბრუნდეთ, რატომ თვლი, რომ საფრთხის შემცველია თბილისში განლაგებული ლუგარის ლაბორატორია? ასეთი ლაბორატორიები არა მხოლოდ აქ არის, არის სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, თავად ამერიკაშიც, მაგრამ რაღაც არ მინახავს რომელიმე მოქალაქეს ამ ქვეყნებში ასეთი ამბავი აეტეხოს.

–  ზემოთ დეტალურად განვმარტე ეს, მაგრამ კიდევ დავამატებ, რომ რამდენიმე საეჭვო ფაქტია, რომელიც აშკარად მიუთითებს, რომ „ლუგარის’ ლაბორატორიის არსებობა თბილისში სახიფათოა, ასეთი ლაბორატორიები აშშ-ში აკრძალულია, რადგან მსგავს ლაბორატორიებში მიდის სხვადასხვა ვირუსებზე მუშაობა და თუ ლაბორატორიიდან გაჟონა ვირუსმა საფრთხე ექმნება მის გარშემო არსებულ დასახლებულ პუნქტებს, ჩვენ კი თბილისში აგვიშენეს ასეთი ლაბორატორია, ამას განმარტავს ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, რომელიც წლების მანძილზე იკვლევდა ამ საკითხს.ამას ემატება ის, რომ ლაბორატორიასთან მდებარე დასახლების „ალექსეევკის“ მცხოვრებლები მუდმივად უჩივიან დაავადებებს, რომელიც ლაბორატორიის აშენებამდე არ ფიქსირდებოდა იქ, ასევე, ის ფაქტიც, რომ უცხოელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ და გააკეთეს არაერთი სიუჟეტი, გარდა სილვერმანისა ბულგარელი და გერმანელი ჟურნალისტებიც, ესაც მეტყველებს იმაზე, რომ მართლაც გარკვეული რისკებია და ეს ეჭვებს აჩენს ლაბორატორიის მიმართ. საქართველოში „ლუგარის“ ლაბორატორიის 22 ფილიალია, ასევე ჩვენს მეზობელად სომხეთში და აზერბაიჯანშიც ააშენეს მსგავსი ლაბორატორიები. ასევე უკრაინაშიც, სადაც ახლახანს ასეთი ლაბორატორიის მახლობლად ჯილეხის ანუ „ციმბირის წყლულის“ შემთხვევები დაფიქსირდა, კერძოდ ქალაქ ოდესაში 5 ადამიანი დაავადდა, ბმული: https://www.youtube.com/watch?v=WQupl2mYfS8

-რა არის შენი მიზანი ასეთი ვიდეო-სიუჟეტების გადაღებისა და ოკუპანტი ქვეყნის ტელევიზიებისთვის მიწოდების დროს?

– კიდევ ვიმეორებ, რუსული არხისთვის მასალა მე არ გადამიცია, მათ თავად მოიპოვეს ინტერნეტში და გაავრცელეს კადრები, რადგან მართლაც საინტერესო სიუჟეტი იყო და გადაწყვიტეს მისი ჩვენება, სადაც ალექსეევკაში მცხოვრები საუბრობს მის სამეზობლოში ონკოლოგიური დაავადებების მაღალ მაჩვენებელზე, რომელიც ფიქსირდება ლაბორატორიის აშენების შემდეგ. ჩემი მიზანი კი მარტივია, მე ვცდილობ განგაშიც ზარი შემოვკრა და ყველა საინფორმაციო საშუალება გამოვიყენო, ქართულიც და უცხოურიც, რომ „ლუგარის“ სახიფათო ლაბორატორიაზე ყველამ გაიგოს. გარდა რუსული არხებისა, ბულგარულმა მედიამაც გააშუქა ჩემი კომენტარი ლაბორატორიის საკითხზე, ასე, რომ ჩემი მოტივი გასაგები და ცხადია, მე მამოძრავებს საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის ბედი, „ლუგარის“ ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხე ყველას გვეხება და ყველამ უნდა ვისაუბროთ ამაზე.

-გიორგი, მარტო ამზადებ ამ ყველაფერს თუ რაიმე ჯგუფი ან ორგანიზაცია ხართ და გაქვს თუ არა ფინანსური დაინერესება რუსეთის მხრიდან?

– მე მაქვს ინტერნეტ ტელევიზია „პატრიოტი ტვ“, არ მაქვს არც სტუდია და არც მრავალრიცხოვანი კადრი, რომელსაც ხელფასს ვუხდი, არა, ჩვენ რამდენიმე ადამიანი ვართ და ყოველგვარი მატერიალური შემოსავლის გარეშე, დრო და დრო ვაკეთებთ სიუჟეტებს, მაგალითად თვეში რადენიმე სიუჟეტს ვდებთ youtube-ს საიტზე, ასევე მაქვს საინფორმაციო საიტი „პატრიოტი“, რომელზეც მხოლოდ მე ვდებ ინფორმაციას, რომელსაც არ ჭირდება ფინანსები, პარალელურად მე სხვა სამსახური მაქვს. არავითარი ფინანსური დაინტერესება რუსეთიდან არ მაქვს.

-გიორგაძემ არაერთხელ ახსენა საქართველოდან მისი მეგობრების მიერ გადაცემული მასალები, შენ ხარ ამ მეგობრების სიაში? და თუ იცი, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც გიორგაძე ეყრდნობა?

– ზემოთ ვთქვი და კიდევ ვიმეორე, მე არ ვიცნობიგორ გიორგაძეს და არანაირი კავშირი არ მაქვს მასთან. როგორც თქვენ ამბობთ, მას თუ ვიღაცამ რაიმე მასალა გადასცა, ეს ჩემთვის არ არის ცნობილი და ამ ფაქტთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს.

-ახლა თქვი, რომ შენი კომენტარი გავიდა ბულგარეთის ტელევიზიითაც, მაგრამ ბულგარეთს არ აქვს ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული, აი სულ სხვა საქმეა „ზვეზდა“, რომელიც პუტინის მეხოტბეა. ამიტომაც არის შენს მიმართ დიდი გაღიზიანება საზოგადოების მხრიდან და ალბათ ნახავდი შენი პასუხისმგებლობის დაყენებასაც კი მოითხოვენ, რადგან ფაქტიურად შენ რუსეთის წისქვილზე ასხამ წყალს. მიუხედავად იმისა, რომ ხარ დამოუკიდებელი ჟურნალისტი, როგორ ფიქრობ, ის რასაც აკეთებ არ უნდა იყოს დასჯადი? შენ ფაქტიურად ხარ საინფორმაციო ომის ჯაჭვის ერთი რგოლი.

– ვერ ვხვდები კითხვის არსს, კონკრეტულად რას გულისხმობთ? მე საქართელოს კანონმდებლობა არ დამირღვევია და საერთოდ ვერ ვხვდები რას გულისხმობთ…

-ვგულისხმობ იმას, რომ რადგან ქართველი საქმეში კარგად ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია და რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის საკითხს საქართველოსთან მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბისთვის იყენებს, ის ვიდეო სიუჟეტები, რომელზეც უკვე ითქვა რომ არ არის სიმართლე, ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს. ერთ-ერთი ექსპერტი წერდა – „გიორგი ირემაძე- პიროვნება, რომელიც რუსულ ტელეკომპანია “Звезда”-ს აწვდის ცრუ ინფორმაციას ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის, სინამდვილეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესახებ“. ამ ყველაფრის ფონზე გამიჩნდა კითხვა, შეიძლება ძალიან უხეშად გამომივიდეს, მაგრამ როცა ეს ხმაური არის რუსეთის მიერ დაგეგმილი, არის როგორც ამბობენ ცრუ ინფორმაცია და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის კონკრეტულ მიზნებს ემსახურება-არ გიჩნდება გრძნობა რომ სამშობლოს ღალატობ?

თქვენს მიერ დასახელებული ექსპერტები, რომლის სახელი არ გითქვამთ, ერკვევიან ბიო-ლაბორატორიის საკითხში? იციან რა ხდება „ლუგარის“ ლაბორატორიის შიგნით? რომ ამბობენ ვითომ მე ცრუ ინფორმაციას ვავრცელებ, თავად საიდან იციან სიმართლე? მე კი ვამბობ იმას, რაც ისაუბრა ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯეფრი სილვერმანმა და „ალექსეევკაში“ მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებიც წლებია ზარალდებიან ლაბორატორიიდან გამომავალი კვამლით და მიაჩნიათ, რომ მათ წამლავენ. მე მათი კომენტარი გავაჟღერე და სხვა არაფერი.

ლაბორატორიასთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ, ის დაიწყო მისი აშენების დღიდან, როგორც მახსოვს 2011 წელს აშენდა, და მის მახლობლად არსებული დასახლების მცხოვრებლებმა არაერთი საპროტესტო აქციაც გამართეს, მაგრამ ეს ქართულ ცენტრალურ არხებს არ გაუშუქებიათ და არც დღეს აშუქებენ, იმას თუ რა ხდება ლაბორატორიის გარშემო, ჩნდება ეჭვი, რომ ინფორმაცია გამიზნულად  იბლოკება და ვინც მასზე საუბრობს მომენტალურად რუსეთის პროპაგანდად აფასებენ ანუ ხდება ჩემნაირი ადამიანების დისკრედიტაცია და ვინც ამას აკეთებს ზუსტად ის არის საქართელოს მოღალატე, მე კი ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ვამბობ სიმართლეს. ხოლო თქვენი კითხვა არ არის კორექტული, ასე მგონია ბრალს მდებთ, რომელიც უსაფუძვლოა და ცილისწამებასაც კი გავს, ამიტომ კითხვას შემოგიბრუნებთ: თქვენ რა მიზანი გამოძრაბეთ? ამ აფსურდული კითხვებით ხომ არ ცდილობთ ჩემს დისკრედიტაციას და იქნებ ცდილობთ ხელი შეუშალოთ „ლუგარის“ საეჭვო ლაბორატორიის საკითხის გაშუქებას, რომელიც ხიფათს უქმნის საქართველოს მოსახლეობას? ამიტომ, იგივე კითხვას დავსვავ თქვენს მიმართ: არ გიჩნდება გრძნობა, რომ სამშობლოს ღალატობთ?

ჯერ ერთი, რომ კითხვის ფორმა-არ გიჩნდებათ-არის კითხვა და არა ბრალდება. ბრალდება რომ მდომებოდა ძახილის ნიშანს დავსვამდი და არა კითხვის ნიშანს, არც გრძნობაზე ვიკითხავდი-ასე რომ არასწორად გაიგე-ეს არის კითხვა და არა ბრალდება. აი მე მიჩნდება თუ არა ანალოგიური გრძნობა? ნამდვილად არა, რადგან ვენდობი ქართველი ექსპერტების შეფასებებს და თქვენგან განსხვავებით პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი ოკუპანტია და ნამდვილად არ მინდა რუსეთმა აი ასე მოქალაქეების მასალებით მიზანს მიაღწიოს, მისი მიზანი კი ცხადია რაც არის. მგონი გავეცი პასუხი და ახლა მორიგი კითხვა – სოციალურ ქსელში და საერთოდ, შენს მასალებს თუ გადავხედავთ, აშკარაა რუსეთის მომხრე ხარ. კიდევ აპირებ მსგავსი ვიდეოების გაკეთებას და კიდევ რუსული ტელეეთერებით გაჟღერებას?

– კიდევ ვიმეორებ, მე მომხრე ვარ, რომ რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ და დიპლომატიური მოლაპარაკებებით დავიბრუნოთ ტერიტორიები, ეს კი სრულიად რეალურია. რაც შეეხება მეორე კითხვას, არავისთვის ვიდეოები არ მიმიწოდებია და ეს უკვე განვმარტე, არც მომავალში ვაპირებ ამას.

-სხვათაშორის საკმაოდ ბევრი ადამიანი შენი ამ ქმედებით ძალიან გაბრაზებულია, -ახლა შეგიძლია თქვა შენი სათქმელი-ის, რაც გინდა რომ საზოგადოებამ გაიგოს.

– თუ ვინმე არასწორად აღიქვავს იმას, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი, იგულისხმება ის რომ მე, როგორც რიგითმა ჟურნალისტმა გავაშუქე ლაბორატორიის თემა, ასევე ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთე  უცხოურ მედიაში, როგორც რუსულ არხზე, ასევე ბულგარული მედიის საშვალებით ვისაუბრე „ლუგარის“ სახიფათო ლაბორატორიაზე,  მე ეს გავაკეთე მხოლოდ ერთი მიზნით, რომ რაც შეიძლება ფართო მასებმა გაიგონ რა ხდება და საერთაშორისო დონის ორგანიზაციებამდე მივიდეს ინფორმაცია, რის შემდეგაც ისინი დაიწყებენ „ლუგარის“ ლაბორატორიის კვლევას და თუ მართლა ხიფათის შემცველია ის და გარკვეული რისკებია, მოხდეს შესაბამისი რეაგირება. მე ვარ ქართველი პატრიოტი და ვიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხოლო როცა ვხედავ, რომ ჩემს ქალაქში არსებობს გაურკვეველი ლაბორატორია, ვცდილობ ხმა ავიმაღლო და გავარკვიო რა ხდება.

კარგი იქნება საქართველოში გავრცელებულ მასალებს და მოსაზრებებსაც თუ გაეცნობი. მადლობა დრო რომ დაგვითმე.