დაკარგული ჯარისკაცის დედა უვადო შიმშილობას იწყებს

11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას გაუწევს.

დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს სამძებრო სამუშაოების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ისინი საეჭვო გარემოებებზეც საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები მიზანმიმართულად გააქრეს.

  „მე დღეიდან, იაგო შარაძის დედა, უვადო შიმშილობას ვაცხადებ, სანამ მე შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ. იმასაც თუ მივხვდები, რომ ყურადღებას არ მომაქცევთ, ბენზინს გადავისხამ და თქვენ დაგიძახებთ, რომ თქვენ წინ თავი დავიხრჩო,“ – განაცხადა იაგო შარაძის დედამ ელენე შარაძემ.

„მოვითხოვ, მოვიდეს ის ინსტრუქტორი, თავის ქვედანაყოფთან ერთად, ჩავიდეს იმ ადგილზე, სადაც დაახრჩო ჩემი შვილი და გემს მისცეს ის კვალი, რომ ნახონ ჩვენი შვილების ცხედრები. მე ეჭვი მაქვს, რომ თავისი მდგომარეობა რომ არ მისულიყო დანაშაულამდე, ჩემი შვილი დაკარგეს, კვალიც გააქრეს,“ – განაცხადა მამამ, ვლადიმერ შარაძემ.

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.

კომენტარის დატოვება