კანადაში კანაფის მოხმარება-გაყიდვა ლეგალური გახდა – ტრუდომ პირობა აასრულა

როგორც ცნობილია, კანადაში მარიხუანის შენახვა 1923 წელს აიკრძალა, 2001 წელს კი ლეგალური გახდა მისი სამედიცინო მიზნებით გამოყენება.

 BBC -ის ინფორმაციით კანადა, ურუგვაის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც კანაფის მოხმარება-გაყიდვა ლეგალური გახდა. კერძოდ, კანადაში კანაფის რეკრეაციის მიზნით მიღება დაუშვეს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი კანონით, კანადაში მარიხუანის გაყიდვა დაიწყება გარდამავალი პერიოდის შემდეგ, რომელიც 8-დან 12 კვირამდე გასტანს. ეს დრო რეგიონების ხელმძღვანელებმა უნდა გამოიყენონ კანაფის გაყიდვის წესების და პირობების დასადგენად, პოლიცია კი ახალ პირობებში მუშაობისთვის უნდა მოემზადოს. კანონის თანახმად, 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა კანადელს უფლება ექნება პირადი მოხმარებისთვის საკუთარ სახლში გაზარდოს კანაფის მაქსიმუმ 4 მცენარე და თან იქონიოს 30 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დაპირება კანადელებს 2015 წელს, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს პარტიამ არჩევნებში გამარჯვებისას მისცა. ტრუდო მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას მარიხუანის წარმოებისა და მოხმარების უკეთ კონტროლში დაეხმარება.